ნეპოტიზმი

მიროტაძე: კარგი იქნებოდა, ჩაეხედათ ჩემი დის CV-სთვის

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მერიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე თავისი დის კონკურსის გარეშე დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "თავად არაფერ შუაშია" და თეა მიროტაძე კვალიფიციური კადრია.

"დეტალებიც არის გარდა იმისა, რომ ანი მიროტაძის და არის და ვინც არ იცის, კარგი იქნებოდა, რომ ჩაეხედათ მისი CV-სთვის და კითხვები არ გაუჩნდებოდათ. თეა მიროტაძე არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა კონტროლის პალატაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე, ამის შემდეგ თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა კონტროლის პალატა და მოგვიანებით მან გადაინაცვლა კერძო სექტორში, მას შემდეგ, რაც მე წავედი პოლიტიკაში. ჩაიბარა საინფორმაციო სააგენტო პირველის მმართველობა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი. შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც თითქმის 15-წლიანი გამოცდილება აქვს და აქვს მაღალი კვალიფიკაცია, ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ანი მიროტაძის დაა.

რაც შეეხება იმას, რომ მას არ გაუვლია ტესტირება, მე ვადასტურებ. ვინაიდან, როდესაც შესთავაზეს, ხომ არ დაიკავებდა ამ პოზიციას, ეს ადგილი - ანუ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოზიცია, იყო თავისუფალი. შესაბამისად, როგორც კი გამოცხადდება კონკურსი, კანონის ყველა დაცვით, ის აუცილებლად დაამტკიცებს, რომ არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირი. სრულიად ვემიჯნები ოჯახის წევრობის ნიშნით დანიშვნებს, მაგრამ მე მართლა არაფერ შუაში არ ვარ. გადაწყვეტილების შემდეგ გავიგე მხოლოდ, რაც მას ასეთი პოზიცია შესთავაზეს", - თქვა მიროტაძემ.

კომენტარები