კრიზისი უკრაინაში

ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები სანქციების გამკაცრებისთვის მზად არიან

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მზად არიან, სწრაფად და კოორდინირებულად იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვევა. ამაზე შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ვიდეოკონფერენციის დროს შეთანხმდნენ.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ამის საბაბი შესაძლოა, გახდეს სეპარატისტების მცდელობა, დაიკავონ ახალი ტერიტორიები. ევროპული საბჭოს განცხადებით, ლიდერები მზად არიან ახალი სანქციები დააწესონ, თუ მინსკის შეთანხმება შემდგომშიც დაირღვევა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა ერთი წლით გააგრძელა. ბარაკ ობამას განცხადების თანახმად, კვლავაც არსებობს ექსტრაორდინარული სიტუაცია, რომელიც საფრთეს უქმნის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას. ამის მიზეზი კი არის პოლიტიკა და ადამიანები, რომლებიც დემოკრატულ ინსტიტუტებს უკრაინაში, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან. ობამას ბრძანებით, გასული წლის 6 მარტს შემოღებული სანქციები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ასევე სანქციების ყველა შემდგომი რაუნდი, ძალაში კიდევ ერთი წელი რჩება.

კომენტარები