ლარის კურსის ვარდნა

ბედინეიშვილი: დაბალი ეკონომიკური ზრდა არის დრო, რომელსაც ჩვენს შვილებს ვპარავთ

ტაბულა

“აუცილებელია, რომ გვქონდეს კარგი ეკონომიკური ზრდა. 2%-იანი და თუნდაც 4%-იანი ზრდა ვერანაირად ვერ უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები. ეს არის დაკარგული დრო. ეს არის დრო, რომელსაც, ფაქტიურად, ჩვენს შვილებს ვპარავთ”, - აღნიშნა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტების დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა გადაცემა თეორემაში.

მისი თქმით, ის ვერ ხედავს იმ ხალხის მიერ მდგომარეობის სწორ დიაგნოზს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაშია ჩართული. თუმცა, ეჭვობს, რომ სწორი გეგმის დასახვის შემთხვევაშიც კი, მთავრობის მიერ ამ გეგმის განხორციელების ალბათობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, ნაკლებად დამაჯერებელი იქნება.

“გვაქვს ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა. გვაქვს მზარდი რეგულაციები, გვყავს მთავრობა, რომელსაც ვერ გაიგებ რა ხედვა აქვს ეკონომიკის მიმართ, იმიტომ, რომ დაიწყო ყველაფერი მუდმივი შეზღუდვებით და ბარიერებით. დღეს, უცებ, ლიბერალური ეკონომიკის ადვოკატებად უნდათ რომ გამოვიდნენ, რაც ძალიან არადამაჯერებელია. პრივატიზაცია, ტაბუდადებული თემა იყო წლების განმავლობაში - ახლა უცებ ვსაუბრობთ პრივატიზაციაზე. ეს პრივატიზაცია არ არის, ეს არის სასოწარკვეთილი გაყიდვა. დროის თვალსაზრისით, ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დროა, მასიური პრივატიზაციის გამოსაცხადებლად. მაგრამ, მაინც, ჯობია გვიან, ვიდრე არასდროს”, - თქვა გიგა ბედინეიშვილმა.

მან ტურიზმის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ კუთხით კლება დაიწყო.

“ტურიზმის დღევანდელი მდგომარეობისთვის ქართული ოცნების მიერ კრედიტის აღება არის სასაცილო. ტურისტულ რუკაზე საქართველო დადო ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ. ეს ფაქტია. ის, რომ თითქმის ნულიდან დაიწყო ტურიზმი და გაიზარდა ძალიან მაღალ ტურისტულ მაჩვენებლამდე 2012 წელს, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც იმ წლებში იყო. იმის მერე, ფაქტირუად, ბრტყლად გვაქვს საქმე და კლება იწყება. ის ბრენდი, რომელიც შეიქმნა, ახლა ეროზიას განიცდის”, - აღნიშნა ბედინეიშვილმა.

კომენტარები