საიმიგრაციო პოლიტიკა

TI: უცხოელებს ბინადრობის ნებართვაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, "ქართულ საიმიგრაციო პოლიტიკაში კვლავ პრობლემებია". TI-ს განცხადებით, მათ შორის ყველაზე მწვავეა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის აღება უცხოელთათვის განსაკუთრებით აქტუალური 1 სექტემბრის ცვლილებების შემდეგ გახდა, რადგან ახალი კანონის გამო 360 დღიდან 90 დღემდე შემცირდა ვიზის მოქმედება. შედეგად, საქართველოში სასწავლებლად, სამუშაოდ, მეწარმეობის თუ ოჯახის გაერთიანების მიზნით ჩამოსულ უცხოელებს 90 დღის გასვლამდე უწევთ აიღონ ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო. 

"ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბინადრობის უფლებაზე უარის თქმის საფუძვლად უმრავლეს შემთხვევაში მითითებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც, პირი წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასეთი დასკვნის გაკეთება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის რეკომენდაციით ხდება", - აცხადებს TI და განმარტავს, რას გულისხმობს ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის არსებობის მოტივით უარის თქმა (მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები). კერძოდ, "ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

"კანონის იმავე მუხლის მე-2 პუნქტში განმარტებულია თუ კონკრეტულად რა იგულისხმება „ა“ და „გ“ ქვეპუნქტში, ეს შემთხვევებია:

- პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
- არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).

როგორც ვხედავთ, კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები მოიცავს უმძიმეს, საერთაშორისო დანაშაულებს, ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობას, ნარკოტრეფიკინგს და ა.შ. ამ საფუძვლებით უცხოელის ქვეყანაში შემოსვლის, ან ყოფნის აკრძალვა ნორმალური მოვლენაა განვითარებული ქვეყნების საიმიგრაციო კანონმდებლობაში და მისი არსებობა აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების რისკების პრევენციისთვის, თუმცა საქართველოში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკისგან განსხვავებით, ჩამოთვლილი დანაშაულების განსაკუთრებული სიმძიმის გამო, ამ საფუძვლით ბინადრობის შეზღუდვა უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მეტი დასაბუთებით და ვიწრო დისკრეციით. ჩვენ ვცადეთ მოგვეპოვებინა ზუსტი რიცხვი, თუ რამდენ ადამიანს უთხრა სახელმწიფომ ამ მიზეზით უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია", - აცხადებს TI და კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. ერთ-ერთი შემთხვევაა, უარი ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

"ვოლქან ბაიბურთი საქართველოს მოქალაქეა, მისი მეუღლე, ირინე ბაიბურთი ეთნიკურად ქართველი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება. მათ ყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. მათ მიმართეს სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც ბავშვებს უარი უთხრა ბინადრობის ნებართვაზე და გადაწუყვეტილებაში მიუთითა, რომ ისინი წარმოადგენენ საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის (მე-18 მუხლის „ა“ და „გ“)", - აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და ვლადიმერ ლევაშევის შემთხვევაზეც საუბრობს.

"რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ლევაშევის დედა, გალინა ლევაშევა დაბადებით საქართველოს მოქალაქეა, ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ცხოვრობს და აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი (ძველი ტერმინოლოგიით I ჯგუფის ინვალიდი), რის გამოც სახელმწიფოსგან იღებს შესაბამის დახმარებას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას აღარ შეეძლო მარტო ცხოვრება, რისთვისაც შვილმა, ვლადიმერ ლევაშევმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება. მან მიიღო D4 კატეგორიის ვიზა, რომლის დანიშნულებაც ქვეყანაში ოჯახის გაერთიანების მიზნით ჩამოსვლაა და იმთავითვე გულისხმობს, რომ უცხოელს ქვეყანაში გრძელვადიანი ყოფნა აქვს დაგეგმილი. ლევაშევს სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარით უპასუხა, მიზეზი ისევ სტანდარტული იყო - საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სამართლებრივ დახმარებას უწევს ვლადიმერ ლევაშოვს და სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხი სასამართლოშია გასაჩივრებული. მსგავსი პრობლემა აქვს ნიგერიის მოქალაქე ვალერი აბაიბოჰ ეფუჩიეკს, რომელსაც ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და შვილი, აიღო D4 კატეგორიის ვიზა, თუმცა ვიზის აღების შემდეგ სახელმწიფომ ისიც ქვეყნის უშიშროების საფრთხედ მიიჩნია და 18-ე მუხლის „ა“ და „გ“ საფუძვლით უარი ეთქვა ბინდარობაზე. ამ შემთხვევებში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე სახელმწიფოს უარი სრულიად გაუგებარია, რადგან ახალი კანონის მე-3 მუხლი კანონის ერთ-ერთ პრინციპად ოჯახის ერთიანობის პრინციპს აცხადებს", - აცხადებს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებზეც არის საუბარი. კერძოდ, სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხედ იქნენ მიჩნეული ერაყელი მეწარმეებიც, რომლებიც ტურისტული მიმართულების ბიზნესით არიან საქართველოში დაკავებული, ტუროპერატორ კომპანიებში აქვთ განხორციელებული ინვესტიციები, საქართველოში ფლობენ უძრავ ქონებას და აქვთ მრავალათასიანი საბანკო ანგარიშები.

"წარმოგიდგენთ საყურადღებო ფაქტებს რამდენიმე ადამიანის შესახებ, რომლებიც თავად დაგვიკავშირდნენ: ლატიჰ ფაკირი მოჰამედ ალარკოკლი – ტურისტული კომპანია Blue Sky LTD-ს მფლობელი, გარდა ამისა ფლობს ტუროპერატორებს სომხეთსა და მალაიზიაში, საქართველოში სხვა უძრავ ქონებას; 10000$-დან 20000$-მდე თანხა ბანკში; მანაფ ნოორი ფაიზალ ფაიზალი – სავაჭრო-სატრანსპორტო კომპანია Al Rawasi LTD 50000-60000$ თანხა ბანკში; აბდულჰადი აჰმედ აბედ დილამი – ტურისტული კომპანია Al Hadi LTD; სხვა უძრავი ქონება; 10000-20000$ თანხა ბანკში; სამირ აბდულა სუჰაილ ალ სუჰაილი – სავაჭრო-სატრანსპორტო კომპანია Barash Honey LTD; 60000-70000$ თანხა ბანკში; მოჰამედ ნასარ სალმანი – Babelon Company LTD; 10000-2000$ თანხა ბანკში, ჰყავს ქართველი მეუღლე. ნარენდრა სინგჰ კანდჰარი - ინდოეთის მოქალაქე, ინდმეწარმე, დღგ-ის გადამხდელი; მისი საქმიანობა გულისხმობს ბათუმში მშენებლობებისთვის პროდუქტის მიწოდებას, ერთი წელია რაც ქვეყანაში იმყოფება. ჰქონდა რეკომენდაცია ორი ქართული კონტრაქტორი კომპანიისგან.

ჩამოთვლილთაგან ყველამ უარი მიიღო ბინადრობის ნებართვაზე კვლავ ზემოთ ნახსენები მიზეზის მითითებით. იგივე საფუძვლით ეთქვათ უარი შრომითი საქმიანობის განსახორცილებლად საქართველოში მყოფ პირებს, ნიგერიელ ებენეზერ ოლუგბენგა ოჯოს, რომელიც 7 წელია საქართველოში ცხოვრობს, აქვს D1 კატეგორიის სამუშაო ვიზა და მუშაობს შპს „ანაგში“, ასევე ბანგლადეშელ მონირუზზამან მუჰამმადს, რომელსაც აქვს საქართველოს 360 დღიანი ორდინალური ვიზა და მუშაობს მსხვილ საერთაშორისო კომპანია Integration Point-ში", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

" სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლო რისკებზე უცხო ქვეყნის მოქალაქის გადამოწმება უნდა ხდებოდეს მისთვის ვიზის გაცემის ეტაპზე, რადგანაც ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა შესაბამისი კატეგორიის ვიზის ქონა. ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ამ პროცესში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს რისკების პროპორციულად, თანაზომიერების პრინციპის დაცვით და დასაბუთების მეტი ხარისხით. ამჟამად. სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარია თუ რას აფუძნებს საკუთარ დასკვნას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, მაგალითად, როგორც ერთ-ერთ ზემოთ განხილულ შემთხვევაში ჩანდა, დეპარტამენტმა შეიძლება არასრულწლოვანი ბავშვები მიიჩნიოს სახელმწიფოსთვის საფრთხედ და ქვეყანაში ცხოვრება აუკრძალოს. ასეთი გადაწყვეტილებები გვაფიქრებინებს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის მომზადებისას ადგილი აქვს პასუხისმგებელი პირების უხეშ თვითნებობას და უფლებამოსილების გადამეტებას", - აღნიშნავს TI.

კომენტარები