საიმიგრაციო პოლიტიკა

"ეს კოლოსალური იმედგაცრუება იყო" - რას წერს ტურისტი, რომელიც თბილისში არ შემოუშვეს

fb.com

ინდოეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი Facebook-ზე საქართველოში მიღებულ მძიმე გამოცდილებაზე წერს.

ქუშბუ კაუშალი ამბობს, რომ სასაზღვრო ოფიცრებმა ქვეყანაში უმიზეზოდ არ შემოუშვეს და დამამცირებლად მოეპყრნენ.

წერილში, რომლის ადრესატია საქართველოს ელჩი ინდოეთში არჩილ ძულიაშვილი, ქუშბუ კაუშალი წერს, რომ საქართველოში მარტო მოგზაურობა შვებულების დროს, ამ ქვეყნის კარგი რეიტინგის გამო გადაწყვიტა, მუმბაიდან 29 ივნისს გამოფრინდა და ადგილობრივი დროით შუადღის ხუთ საათზე უკვე თბილისში იყო.

მისი თქმით, თან ყველა საჭირო დოკუმენტი ქონდა: ვიზა, დამსაქმებლის წერილი, სადაც ეწერა, შვებულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, საბანკო ამონაწერი, სასტუმროს ჯავშანი, ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევა.

„საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი იფიქრებდა, რომ სათანადოდ ვიყავი მომზადებული თქვენს ქვეყანაში მარტივად შემოსასვლელად. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, პასპორტის კონტროლის გალისას მითხრეს, რომ გადამენაცვლა ფანჯარასთან, რომელსაც არაფერი ეწერა, რათა ჩემი დოკუმენტები შეემოწმებინათ. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ, ერთერთმა ოფიცერმა გამომკითხა ვიზიტის მიზანი, დაათვალიერა ყველა ჩემი დოკუმენტი და იხუმრა კიდეც. რადგან აქამდე ყველაფერი სასიამოვნოდ მიდიოდა, ველოდი, რომ მალე შემიშვებდნენ.

მაგრამ ეს არ მოხდა. თქვენმა ოფიცრებმა მითხრეს, რომ დავლოდებოდი, ჯამში 2 საათი ველოდე რკინის ცივ მოუხერხებელ სკამზე. თბილიში ჩამოსვლიდან სამი საათის შემდეგ მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. მიზეზი რომ ვიკითხე მიყვირეს და მითხრეს, რომ კუთხეში დავმჯდარიყავი.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დამამცირებელი ღამის დასაწყისი იყო“, - წერს ქუშბუ კაუშალი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ყველა კითხვის პასუხად მას უყვიროდნენ და უხეშად მიუთითებდნენ, რომ დამჯდარიყო და თხოვნის მიუხედავად, წყალს არ ასმევდნენ.

„ღამის 12 საათზე, საქართველოში ჩამოსვლიდან 7 საათის შემდეგ, ნება მომცეს, რომ საჭმელი და წყალი მეყიდა და მითხრეს, რომ ოთახში დავმჯდარიყავი. ორნახევარი საათის შემდეგ ერთერთი ოფიცერი შემოვიდა ოთახში და მიყვირა, რომ ახლა უნდა წავსულიყავი, რადგან უკანა გზაზე ფრენა იწყებოდა. როდესაც საკუთარი პასპორტი მოვითხოვე, მითხრეს, რომ მას არ გადმომცემდნენ, სანამ მუმბაიში არ ჩავიდოდი. თქვენს ქვეყანაში გატარებული 9 საათი ჩემი ცხოვრებაში ყველაზე საშიში და ცუდი იყო“ - წერს ქუშბუ კაუშალი.

მისი თქმით, ინდოეთში უთხრეს, რომ ის საქართველოდან თითქოსდა ცრუ ინფორმაციის წარდგენისთვის და დაზიანებული პასპორტის გამო გამოაბრუნეს, რაც, მისივე მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„შემდგომმა ძიებამ კიდევ უფრო ღრმა პრობლემა გამოავლინა. შევიტყვე, რომ საქართველოდან ინდოელი მოგზაურების თითქმის 90%-ს უკან აბრუნებენ - ოჯახებს, წყვილებს თუ მარტოებს.

მინდოდა, გამეგო, რა შეიძლება იყოს ინდოელების მიმართ ასეთი უეცარი ზიზღის მიზეზი, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს ინდოეთიდან საქართველოში ტურიზმი 80%-ით გაიზარდა, რაც ასევე მნიშვნელოვან შემოსავალს ნიშნავს თქვენი ქვეყნისთვის.

იცით რა აღმოვაჩინე? საქართველოს მთავრობამ დაპატიჟა ინდოელი ფერმერები იმ მიწების მოსავლელად, რომელსაც ქართველები ვერ ამუშავებდნენ. ამ უეცარმა ნაკადმა გაზარდა ინდოელების მიმართ სიძულვილი, რაც, როგორც ვხვდები, აისახა თქვენი ოფიცრების რასიზმზე.

თქვენი ქვეყანა კოლოსალური იმედგაცრუება იყო“ - წერს ქუშბუ კაუშალი.

ტაბულა ცდილობს ამბის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადამოწმებას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტების მიღებას. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები