საიმიგრაციო პოლიტიკა

ღარიბაშვილი: აშენდება არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოში არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრი აშენდება, ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და საიმიგრაციო კანონის მიღებით, რიგ ქვეყნებთან სავიზო მიმოსვლა მოწესრიგდება.

"ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა ყოფილიყო მოწესრიგებული. ისევე როგორც არ იყო ეკონომიკის მთელი რიგი დარგები მოწესრიგებული, ასევე არ იყო ეს საკითხი. საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა იყოს დარეგულირებული და ამასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შესაბამისი კანონი. ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული ღონისძიებები, რაც წარმატებით შევასრულეთ. ჩვენ მივიღებთ საიმიგრაციო კანონს და უბრალოდ მოწესრიგდება მთელ რიგ ქვეყნებთან სავიზო მიმოსვლა. ამაში უჩვეულო არაფერია, ასეა ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა და ჩვენც პრეტენზია გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ გზისკენ წავიდეთ, არ დავრჩეთ იქ, სადაც ვიყავით. სავიზო რეჟიმის შემოღება არ გულისხმობს ტურიზმისთვის ხელის შეშლას, პირიქით - ტურისტი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, ძალიან მარტივად ისარგებლებს გამარტივებული სავიზო რეჟიმით. ეს ყველაფერი გაწერილი იქნება ქვეყნების მიხედვით, თუ რომელ ქვეყანასთან როგორი სავიზო რეჟიმი ამოქმედდება. ეს არ გაართულებს პროცედურებს, შეიძლება იყოს დამატებითი პროცედურა, მაგრამ არ გულისხმობს ტურიზმისთვის ხელის შეშლას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, იგეგმება არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრის აშენება, რათა არ მოხდეს ქვეყანაში ადამიანების ქაოსურად შემოსვლა.

"რაც შეეხება სტუდენტებს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ჩამოდის, მათთვის იქნება სპეციალური ვიზები, ისევე როგორც არის ამერიკაში, ევროპაში და ჩვენც გვსურს ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯი. გაიცეს სტუდენტური, სამუშაო ვიზები, გაიცეს დროებითი ბინადრობის მოწმობები და არ მოხდეს გაჭიანურება, ჩვენ ამ ბარიერებს მოვხსნით და არ იქნება გაუგებარი ბიუროკრატია. ასე რომ, ჩვენ ამ ყველაფერს დავაბალანსებთ. პირველად საქართველოში აშენდება არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი. ეს იქნება ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ცენტრი და ეს ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მოწესრიგდეს საემიგრაციო პოლიტიკა. არ მოხდეს ქაოსურად ადამიანების შემოსვლა, აქ დარჩენა და ა.შ. ეს ფუნქციები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისინი განახორციელებენ კონტროლს არალეგალ მიგრანტთა მოძრაობაზე საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები