ლარის კურსის ვარდნა

კვირიკაშვილი ლარის კურსზე: ეროვნულ ბანკს მეტი წვლილის შეტანა შეეძლო

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის მინისტრმაც გააკრიტიკა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, "ბოლო კვირის განმავლობაში, სწრაფი დევალვაციის პირობებში, ლარის გაუფასურების ემოციური შემადგენლის განეიტრალებაში ეროვნულ ბანკს მეტი წვლილის შეტანა შეეძლო". სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ "ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მოცულობისა და დროში განაწილების სწორი მართვით, ლარის რყევების დიდი ამპლიტუდის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო".

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია კონცენტრირება სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის შესასრულებლად. 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე". მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ "ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს". ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, "შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები".

ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ეროვნული ბანკი უმრავლესობის წევრებმაც გააკრიტიკეს.

კომენტარები