საქართველოს ეკონომიკა

ჯაფარიძე: ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლების გაცხადებული ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები არ არის ის თანხა, რაც სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.

"რა თქმა უნდა, ის რაც გაცხადებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეამცირონ რამდენიმე პროცენტით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანასთან. ეს ხელისუფლება ორ წელზე მეტია იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და თვალს ხუჭავს იმ პრობლემებზე, რომელიც არის ეკონომიკაში, იმის იმედად, რომ სასწაული მოხდება და ეშველება ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდება. ის, რასაც ესენი აკეთებენ, ემსახურება ერთ მიზანს - მათ იციან, რომ ეკონომიკური ზრდა არ იქნება ისეთი, როგოიც დაგეგმეს. ამის გამო, მათ ექნებათ ნაკლები შემოსავალი ბიუჯეტში, ამის დასაკლებად თანხებს კვეცენ, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს ანტიკრიზისულ გეგმასთან. საჭიროა ბევრად უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, გადასახადების სერიოზული შემცირება იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ამოისუნთქოს და დაიწყოს ფუნქციონირება... ლაპარაკია რამდენიმე მილიონზე, რაც არ არის ის თანხა, რომლის შეკვეცაც სტიმულს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეს ის თანხებია, რაც იციან, რომ ბიუჯეტში ისედაც არ შეუვათ იმის გამო, რომ ისეთი ეკონომიკური ზრდა არ იქნება, რაც დაგეგმეს. უბრალოდ, ამ ხარჯებს საიდანღაც ამოაცლიან. ვიმეორებ, ეკონომიკის გაჯანსაღებას სჭირდება ის, რომ მეტი ფული დარჩეს ეკონომიკაში და ნაკლები ფული ამოიღოს მთავრობამ, ანუ მთავრობამ ხარჯოს ნაკლები და ამას ეს ქამრების შემოჭერის გაცხადებული პოლიტიკა ნამდვილად არ ემსახურება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები