საბანკო სექტორი

კომერციულ ბანკებს დოლარში არსებული სესხების ტვირთის შემსუბუქება დაევალათ

www.bpn.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად ერთი კვირის ვადა მისცა. ერთი კვირის შემდეგ ბანკებმა უნდა წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ იმოქმედებენ იმ ფიზიკური პირების მიმართ, ვისაც სესხები აქვთ დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში, რათა მათ ტვირთი შეუმსუბუქონ. ქადაგიძის თქმით, ბანკებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქონ. "ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგნინონ გეგმა, რომლებიც ასახავს, რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან და იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები. საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს, რომ რაღაც შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში", - განაცხადა ქადაგიძემ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კითხვაზე, თუ გამოთქვეს პრეტენზიები კომერციული ბანკების დირექტორებმა, განაცხადა, რომ: "ყველა ბიზნესს, მათ შორის კი პირველ რიგში საბანკო სექტორს, ევალება, რომ იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი, ამიტომაც არცერთ ბანკს არ გამოუთქვამს განსაკუთრებული პრეტენზია, პირიქით, ზოგიერთ მათგანს მანამდეც ჰქონდა დაგეგმილი, რომ იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები ამ მიმართულებით". 

იზიკურ პირებს, ვისაც სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული, აღნიშნული ინიციატივა არ შეეხებათ, რადგანაც ეროვნული ბანკი მათ საქმიანობას არ არეგულირებს. 

ქადაგიძის თქმით, არსებული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი წინაპირობა სავალუტო შემოდინებების აღდგენა იქნება. 

თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მათ მომხმარებლებში იმ ფიზიკური პირების მოცულობა, ვისაც შემოსავლები ლარში აქვს და სესხი კი დოლარში, შეადგენს დაახლოებით ერთ მესამედზე ნაკლებს. ბუცხრიკიძის თქმით, ქვეყანაში არის სავალუტო შოკი, რის გამოც საბანკო სექტორისთვის რისკები გაზრდილია. მისი თქმით, საბანკო სექტორი მაქსიმალურად შეეცდება, რომ არსებული შოკიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს. ბუცხრიკიძის შეფასებით, 2015 წლის მანძილზე მთავრობამ, ბიზნესსექტორმა და ბანკებმა უნდა იმუშაონ, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად ბევრი ტურისტი შემოვიდეს, განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები და გაიზარდოს უცხოური ინვესტიციების მოცულობა. 

კომენტარები