სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ბორის ლ. და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული როინ ფ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ჩაბალის ქუჩაზე 1985 წელს დაბადებულ ნატა იონათამიშვილს ხელჩანთა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბორის ლ. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, ხოლო როინ ფ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ნაძარცვი ხელჩანთა კი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
რუსთავი 2-ის თანამშრომელს ნატა იონათამიშვილს ნიღბიანები პირები რუსთაველზე თავს 20 თებერვალს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩანთა და ოქროს საყურე წაართვეს.





