"თუ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთთან და ოსეთთან ჩვენს დიალოგს, მზად ვართ, მათი სტატუსის საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ", - ამის შესახებ РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"თუ დიალოგი დაიწყება და რუსეთი სინამდვილეში ხელს შეუწყობს და მოტივირებას მოახდენს პირდაპირი დიალოგის ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის, მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული დროით გვერდზე გადავდოთ და ისეთი საკითხები განვიხილოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, წყალი, გაზი. მოდი, გადავწიოთ საერთო წითელი ხაზები და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებით", - განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძემ დასძინა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გარდა საქართველო სხვა ვარიანტს არც კი განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიდან სწორი განცხადებები კეთდება, თუმცა ხანდახან ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
"თუ მოსკოვი მართლა დაინტერესებულია და გადაწყვეტს, რომ ასეთი დიალოგი უნდა შედგეს, ამას მალე შევამჩნევთ და დავინახავთ. თუმცა განცხადებები პრინციპში სწორია. თუმცა ჟენევაში 2008 წლიდან არანაირი წინსვლა არ არის, ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პოლიტიკური დიალოგი პირადად უნდა დაიწყოს. ასევე დასძინა, რომ რუსეთი ამ საქმეში დახმარებისთვის მზადაა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აბაშიძემ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.





