კრიზისი უკრაინაში

მარიუპოლში ახალი ტერაქტი აღკვეთეს

მარიუპოლი - 24 იანვარი, 2015.
BBC

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამართალდამცველებმა მორიგი ტერაქტი აღკვეთეს. მანქანიდან, რომელიც პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერა, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. სამი პოლიციელი მძიმედ დაშავდა. სროლის შედეგად ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, ერთმა გაქცევა მოახერხა. მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა.

ორი დღის წინ ხარკოვში მშვიდობიანი მსვლელობის დროს განხორციელებული ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. აფეთქების მოწყობაში ბრალდებული ე. წ. ხარკოველი პარტიზანების ოთხი წევრია დაკავებული. ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ხარკოვში, ოდესაში, ასევე ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტერაქტების საფრთხე ძალიან დიდია.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, სეპარატისტებმა აქტიურობა დონეცკის და მარიუპოლის მიმართულებებზე გადაიტანეს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მათ ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ პოზიციებს ნაღმმტყორცნების და არტილერიის გამოყენებით. მარიუპოლის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.

ფინურმა ტელეარხმა "ილემ" რუსეთის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელზეც უკრაინის საზღვრისკენ მიმავალი სამხედრო კოლონა არის დაფიქსირებული.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შტეფან ზაიბერტის განცხადებით, მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესი, ზოგიერთი დადებითი შედეგის მიუხედავად, არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. მან რუსეთს საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

"გერმანიის მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე. ეს კი აუცილებელი პირობაა მძიმე შეიარაღების გასაყვანად, რაც ეუთო-ს მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს ვალდებულებები, რომელსაც მას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ანიჭებს და სასწრაფოდ მოახდინოს გავლენა სეპარატისტებზე", - თქვა ზაიბერტმა.

კომენტარები