ლარის კურსის ვარდნა

ქადაგიძე: ფასების ზრდას ხელს თუ შევუშლით, საბანკო სესხის პროცენტი გაიზრდება

Bloomberg

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური შოკის ნიშნებია, რაც ექსპორტის, გზავნილებისა და ტურიზმის კლებამ გამოიწვია და საბოლოოდ ლარის გაუფასურებაში გამოიხატა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება პროცესს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს, რათა ქვეყანაში ფასების ზრდა არ მოხდეს. თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი ინტერვენციის შემთხვევაში შემცირდება ხელმისაწვდომობა სესხებზე და საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მეტად მოიმატებს. 

"სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკის ნიშნები, რაც გამოიხატა ექსპორტის კლებაში, გზავნილების და ტურიზმის კლებაში. ამან ასახვა ჰპოვა ლარის გაცვლით კურსზე და იგი გაუფასურდა. ეროვნული ბანკის წინაშე დღეს დგას სამი ძირითადი ამოცანა: უზრუნველვყოთ ფინანსური სტაბილურობა, ფასების სტაბილურობა, რომ ლარის დევალვაცია არ გადაიზარდოს ფასების საყოველთაო ზრდაში, და შევუმსუბუქოთ ტვირთი იმ ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვნად გაეზარდა სესხის მომსახურების ტვირთი. ფინანსური სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ეროვნული ბანკის მანდატია და ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს გაცილებით უფრო მძიმე შოკის დროს. ფასების ზრდას რაც შეეხება, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესებს და თუ დადგება საჭიროება, იმ დონემდე ჩავერევთ, რამდენადაც საჭირო იქნება. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს აქვს ძალიან კონკრეტული ფასი და შედეგი იქნება ფულის მასის შემცირება, რაც ნიშნავს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, ნაკლებ ხელმისაწვდომობას სესხებზე ნაკლებ გაყიდვებს და ა.შ.", - თქვა გიორგი ქადაგიძემ რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას.

კომენტარები