ლარის კურსის ვარდნა

რატიანი: "ლარის სიჯანსაღე" მისაღებია ოლიგარქისთვის, მაგრამ არა მოსახლეობისთვის

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, "შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ კრიზისსა და მოქალაქეების მდგომარეობის გაუარესებას მეტწილად საგარეო ფაქტორებს, საკუთარ მინისტრს, ყოფილ მინისტრს და ფინანსურ საკითხებში მოქალაქეების განათლების დონეს აბრალებს". როგორც მან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის საფუძვლად მეტწილად საგარეო ფაქტორების გამოცხადება - სიცრუეა, ტურიზმის შემცირების დაბრალება ყოფილ მინისტრზე - უპასუხისმგებლობა და სიცრუე, ასევე, მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების დაბრალება მოქალაქეებისავე გაუნათლებლობაზე - სიცრუე და უპასუხისმგებლობა.

"ლარი ჯანსაღად რეაგირებს - ის ამბობს ეკონომიკაზე - გამოდის, რომ კუპონი გაცილებით უფრო ჯანსაღი იყო და უკეთესად რეაგირებდა. უნდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც ვალუტის კურსი იყო არამდგრადი და გაცილებით უფრო ჯანსაღი 90-იან წლებში, სწორედ მაშინ იშოვეს ოლიგარქებმა და სახელმწიფო ოლიგარქებმა ის განუზომელი თანხები. დღეს, ხშირ შემთხვევაში, ეს თანხები მიმართულია სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. უნდა ვთქვათ, რომ ეს სიჯანსაღე ლარისა, რასაკვირველია, შესაძლებელია არის ძალიან სასიამოვნო და მისაღები ოლიგარქისთვის, მაგრამ ის არ არის მისაღები პენსიონრებისთვის, მასწავლებლებისთვის, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის და ასევე წვრილი და პატარა ბიზნესისთვის, მცირე ბიზნესისთვის. და კიდევ ერთი რამე მინდა შევახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ის არ დაპირებია ქართულ მოსახლეობას, რომ ის მოგვევლინებოდა მასწავლებლის სახით, მის ეგზოტიკურ, სრულიად ეგზოტიკურ დაპირებებში მე არ მახსენდება, რომ ის გახდებოდა საქართველოს მასწავლებელი ან მოძღვარი ან რაღაც ეგეთი. მე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან პრაგმატული გამოსავალი, შექმნილი კრიზისიდან არის ერთი გამოსავალი და ეს გამოსავალია, შევამციროთ გადასახადები, შევამციროთ საშემოსავლო გადასახადები, იმიტომ რომ ამან შეიძლება - 1. მოიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია და 2.მნიშვნელოვანია, რომ ის შეუმსუბუქებს ადამიანებს დღევანდელ მდგომარეობას", - განაცხადა რატიანმა.

კომენტარები