კრიზისი უკრაინაში

სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორისტებისგან შეთანხმების შესრულებას მოითხოვს

www.state.gov

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი დებალცევოს რაიონში სიტუაციის გართულებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მოქმედებები საფრთხეს უქმნის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განხორციელებას.

უკრაინის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმების შესრულება გერმანის კანცლერთან და რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში განიხილა. პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის ლიდერმა მერკელსა და პუტინს მოუწოდა, ხელი შეუწყონ ცეცხლის სრულად შეწყვეტას და მძიმე შეიარაღების დაშორიშორებას ეუთო-ს მეთვალყურეობით. მხარეები კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ეუთო-ს დამკვირვებლები ქალაქ დებალცევოში მოხვედრას დღესაც შეეცდებიან. წინა მცდელობები, სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, უშედეგო გამოდგა. მისია აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტები დააფიქსირა.

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძირითადად სრულდება. მაგრამ მისიამ რიგი ინციდენტები დააფიქსირა. დებალცევოს შესახებ მხოლოდ ცნობებს ვიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ იქ ჩასვლა შევძლოთ და იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება. მაცნობეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლომდე არ სრულდება დებალცევოში, დონეცკსა და ლუგანსკის გარშემო", - თქვა ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ჰუგმა.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნა. გრადის დანადგარებიდან დაიბომბა დებალცევო, დონეცკთან კი ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან გაიხსნა. სეპარატისტები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ქალაქი დებალცევო აიღონ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე მიმდინარე შეტაკებების გამო მძიმე შეიარაღების გაყვანას ჯერჯერობით ვერ იწყებს.

კომენტარები