საბერძნეთი

ათენი კრედიტორებთან თანამშრომლობას დათანხმდა

AFP

საბერძნეთის პრემიერმა ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამის გაგრძელებაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა. ევროკავშირის სამიტზე ალექსის ციპრასმა, გერმანის კანცლერთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან  მოლაპარაკების შემდეგ, განაცხადა, რომ კრედიტორების ექსპერტთა ჯგუფთან ითანამშრომლებს. ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული ზომების შემუშავებას ევროკავშირის მხრიდან დახმარების პროგრამის გასაგრძელებლად და საბერძნეთის დავალიანების ნაწილის დასაფარად. 

ეგრეთ წოდებულმა სამეულმა - ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და სავალუტო ფონდმა, საბერძნეთს დახმარება ამ ქვეყანაში განვითარებული კრიზისის დასაძლევად გამოუყო. დღეისთვის ქვეყნის დავალიანება 320 მილიარდი ევროა, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 175%-ს შეადგენს. ქვეყნის ახალარჩეული მემარცხენე ხელისუფლება ვალების რესტრუქტურიზაციას აპირებს და აცხადებდა, რომ დახმარების პროგრამაზე უარს იტყოდა. ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების შედეგად ევროს კურსი 0.25%-ით გაიზარდა. 

კომენტარები