მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებაზე საჩივრების შესწავლა დაასრულა

მთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით უწყებაში შესული საჩივრების შესწავლა-იდენტიფიცირება დაასრულა. 
ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის გზებზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ. კონსულტაციებში მონაწილეობდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეც. მისი განმარტებით, საქმე ეხება ქონებას, რომელთან დაკავშირებითაც საუბარია მისი იძულებითი წესით ჩუქებაზე ან გასხვისებაზე. 

"იმ შემთხვევაში თუ ქონება სახელმწიფოს გადაეცა და დღესაც სახელმწიფოს ხელშია, ეს უფრო ადვილი შემთხვევებია, რადგან ასეთ შემთხვევაში ქონება პირს დაუბრუნდება. როდესაც სახელმწიფომ კანონის დარღვევით გადაცემული ქონება გაასხვისა და არსებობს კეთილსინდისიერი შემძენი, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს პირისთვის ზიანის ანაზღაურება. კვლევის დასრულების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ზიანის ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია. ანუ არის იმ ფარგლებში, რომელსაც შესაძლებელია, რომ მოერიოს სახელმწიფო. სამართლიანობის აღდგენისთვის ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ" - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში 31 იანვარს უკვე შეიქმნა "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების" დეპარტამენტი.

"საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახლად შექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები