მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია

ლავროვი: დასავლეთის წინდაუხედავმა მხარდაჭერამ სააკაშვილს თავბრუ დაახვია

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინელებს არ უნდა ჰქონდეთ დასავლეთის "წინდაუხედავი მხარდაჭერის" იმედი, რამაც, მისი თქმით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს თავბრუ დაახვია და შესაბამისი შედეგები დააყენა. 

"ჩვენ გვსურს ნორმალური ურთიერთობა აშშ-სთან, უნდა მოვაგროვოთ ყველა ნამცეცი და ჰელსინკის შეთანხმებების საფუძველზე შევთანხმდეთ უსაფრთხოების ახალ სისტემაზე, სადაც ყველა კომფორტულად იგრძნობს თავს, მათ შორის უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ის რაც მოხდა ყირიმში, იყო ხალხის თვითგამორკვევა, როგორც ამას გაეროს წესდება ითვალისწინებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინასა და გარანტიებს, როგორც კი მთავარი მონაწილეები, კიევი, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები შეთანხმდებიან მინსკის დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაზე, რუსეთი ამ პროცესის გარანტორი იქნება.

საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკება იმ ხალხთან, ვინც იქ იბრძვის. მათთვის ეს წმინდა ომია საკუთარი მიწისთვის. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს არ უნდა ჰქონდეთ იმ წინდაუხედავი მხარდაჭერის იმედი, რომელიც მათ დასავლეთიდან აქვთ. კრიტიკულ ანალიზს მოკლებული მხარდაჭერა ზოგიერთებს თავს ურევს, ზუსტად ისევე, როგორც ამ მხარდაჭერამ თავბრუ დაახვია 2008 წელს ბატონ სააკაშვილს. ყველამ კარგად იცის, რა შედეგები მოჰყვა ამას" - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთმა დასავლეთი დომინირების პოლიტიკაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ევროპის გეოპოლიტიკური სივრცის მიტაცებას გეგმავს. ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მომხრეა კიევსა და სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.

"ჩვენი აზრით ახლა ადგილი აქვს იმ პოლიტიკის კულმინაციას, რომელსაც დასავლელი კოლეგები დომინირების შენარჩუნებისა და ევროპის გეოპოლიტიკური სივრცის მიტაცებისთვის ატარებენ. ეს ეხება დსთ-ს ქვეყნებსა და ჩვენს უახლოეს მეზობლებს. ისინი ითხოვდნენ არჩევანის გაკეთებას დასავლეთის ან მის წინააღმდეგ. ეს არის თამაში ნულოვანი შედეგით. დასავლეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები გააძლიერონ კიევის მხარდაჭერა, მოამარაგონ სასიკვდილო იარაღით და ჩაითრიონ NATO-ში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მძიმე ტექნიკის გაყვანასა და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას კიევსა და თვითგამოცხადებულ ლიდერებს შორის.

სწორედ ამას ეხებოდა ვლადიმერ პუტინის ინიციატივები, მინსკის შეთანხმებამდე, ნორმანდიის ფორმატამდე და გუშინ კრემლში გამართულ შეხვედრამდე მიგვიყვანა. ეს მოლაპარაკება გაგრძელდება და არსებობს ყველა შესაძლებლობა შედეგის მისაღებად, მთავარია ყველამ გააცნობიეროს რისკის დონე", - თქვა კრემლის მთავარმა დიპლომატმა.

კომენტარები