ბორჯომში 23 იანვარს დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭის ცნობით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი დღეს, 6 თებერვალს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახლობლების თქმით, ბოლო დროს მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ბერუაშვილთან ერთად დაჭრილი ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას აგრძელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბერულაშვილს და მახარაშვილს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ფეხით პატრულირების დროს, ბორჯომში მცხოვრებმა მრავალჯერ ნასამართლევმა შალვა აბულაძემ ესროლა და მიიმალა. სამართალდამცავები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.





