რუსეთ-საქართველო

ბერუჩაშვილი: რუსეთთან დიალოგის ან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა არ მიგულისხმია

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგის ან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა არ უგულისხმია. ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"მე ამ თემაზე რამდენიმე განმარტება გავაკეთე. შეიძლება, ეს იყო ინტერპრეტაციის საგანი. შეიძლება, მე უფრო ზუსტად უნდა მიმეთითებინა ის თემა, რომელიც ნამდვილად ასეთი მგრძნობიარეა და პოლიტიკურად უაღრესად მნიშვნელოვანი. მე არამც და არამც არ მიგულისხმია დიალოგის შეწყვეტა რუსეთთან, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა და მით უმეტეს, სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა. საკითხი ეხებოდა იმ პაუზას, რომელიც ჩამოყალიბდა აბაშიძე -კარასინის შეხვედრების ორგანიზების ფარგლებში, იმიტომ, რომ შემოდგომის შემდეგ შეხვედრა არ ყოფილა, რადგან სწორედ ნოემბერში ამ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერამ ძალიან ცუდი ფონი შექმნა ამ შეხვედრისთვის, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად დიალოგს ალტერნატივა არ აქვს რუსეთთან. პარალელურად ყველა სხვა ქმედებებისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ჩვენი პარტნიორები, ეძებენ დიალოგის გზებს და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. რასაკვირველია, ფონი იქნება რთული ამ დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ. საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ კონფლიქტის დარეგულირების გზა არის მხოლოდ მშვიდობიანი, შესაბამისად, ყველა მეთოდი გამოყენებული იქნება, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება.

რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს და რუსეთის ბაზრის თემას, აქ აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ რასაკვირველია, რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვანი იყო და ბაზრის გახსნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაკეტა ბაზარი საქართველოსთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იყო სწორედ ამ დეესკალაციის პოლიტიკისა, რომელსაც 2012 წლიდან აწარმოებს საქართველოს მთავრობა, და სწორედ ეს იყო აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ამ ფორმატს აქვს თავისი მანდატი, ეს არის სავაჭრო ურთიერთობები, კულტურული-ჰუმანიტარული ურთიერთობები და მისი პრიორიტეტი არ არის ილაპარაკოს პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე. ამისთვის ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი, რომელშიც საქართველო თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ესაუბრება რუსეთს ამ თემაზე. ლაპარაკი იყო დივერსიფიცირებაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება და სწორედ ეს არის ჩვენი ყურადღების საგანი", - თქვა ბერუჩაშვილმა.

ცნობისთვის, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ბერუჩაშვილი ამბობდა, რომ რუსეთმა და საქართველომ შეაჩერეს არაფორმალური დიალოგი სავაჭრო საკითხებზე. ასევე იმას, რომ შესაძლოა, საქართველომაც შემოიღოს უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და სავიზო შეზღუდვები.

კომენტარები