რუსეთ-საქართველო

NATO-ში არ გამორიცხავენ, საქართველო ახალი რუსული აგრესიის სამიზნე გახდეს

AP

რუსული gazeta.ru NATO-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ექსკლუზიურ კომენტარს აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო შესაძლოა, რუსული აგრესიის სამიზნედ ისევ იქცეს და მოსკოვმა თბილისის წინააღმდეგ ე. წ. ჰიბრიდული ომის ტაქტიკა გამოიყენოს.

ალიანსის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის მოვლენებმა NATO აიძულა, საქართველოში შექმნილ სიტუაციას სხვანაირად შეხედოს. "ევროპის ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ საქართველო შესაძლოა, სამხედრო დარტყმის სამიზნე გახდეს“, - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველო, "ალიანსის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ“ იმყოფება.

NATO-ს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამჟამად საქათველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ალიანსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საერთო კონტექსტში განიხილავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ქვეყანაში NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა, დღეს ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება.

კომენტარები