საქართველოს ეკონომიკა

ცისკარიშვილი: ჩვენი ეკონომიკის პრობლემების 90% შიდა ფაქტორებითაა გამოწვეული

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, "ჩვენი ეკონომიკის პრობლემების 90% მაინც არის საქართველოს შიდა ფაქტორებით გამოწვეული". ამის შესახებ ცისკარიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე საყვარელი თემაა გარე ფაქტორებზე საუბარი.

"რომ აი, სხვა ქვეყნებში ომია, გადმორიცხვები შემცირდა და ა.შ. სინამდვილეში, ჩვენი აზრით, ჩვენი ეკონომიკის პრობლემების 90% მაინც არის საქართველოს შიდა ფაქტორებით გამოწვეული. ფულადი გზავნილები 2%-ით შემცირდა მთლიანობაში, რუსეთიდან კი მნიშვნელოვანი კლება იყო, მაგრამ სხვაგან მოიმატა და მთლიანობაში დიდი გავლენა არ ჰქონია. ეს ის მიზეზებია, რომელზეც ტაჯიკეთი და ყირგიზეთი საუბრობენ, თუ მათ დონეზე გვინდა დარჩენა, მაშინ ვისაუბროთ ამ ფაქტორებზე კიდევ შემდეგი 20-30 წელი ამაზე და ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც ქვეყანაში ხდება" - განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ 2012 წლის ბოლოდან, "ხელისუფლებამ გააუარესა საინვესტიციო გარემო ქვეყანაში ახალი კანონმდებლობით და სავიზო რეგულაციებით".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმითვე, "საინვესტიციო გარემოზე ასევე უარყოფითად აისახება პოლიტიკური დევნა, დაჭერები, სასამართლოზე ზეწოლები და რეპრესიები". როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, "ამას გრძნობენ როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები, ისე გარე ინვესტორები, რომ ქვეყანაში როდესაც ასეთი პროცესები მიდის, იქ გარდაუვლად არასტაბილურობა იქნება შემდეგი წლების და შემდეგი არჩევნების მომავალი პერიოდის განმავლობაში".

"ამასაც თავის სხეულზე ძალიან კარგად იგრძნობს ნებისმიერი პოტენციური ინვესტორი, რომელსაც შეიძლება უფიქრია საქართველოში ინვესტიცის ჩადება" - თქვა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საინვესტიციო გარემოზე გავლენას შრომის კოდექსიც ახდენს.

"მათ უნდათ, რომ დამატებით აუკრძალონ უცხოელებს მუშაობა. შეიძლება, მოსახლეობის რაღაც სეგმენტს ეს მოეწონოს, პოპულისტურიც იყოს, მაგრამ ქვეყანამ და ადამიანებმა ამისთვის ფული უნდა გადაიხადონ. ლარი გაუფასურდება, ეკონომიკა ჩამოიშლება, სამუშაო ადგილებს დაკარგავენ ისინი, ვინც მუშაობენ უცხოელი ინვესტორთან. ამ ფასს გადავიხდით ყველა იმ კანონში, იმ ინიციატივაში, რითაც ხელისუფლება გამოდის" - განაცხადა ცისკარიშვილმა.

კომენტარები