კრიზისი უკრაინაში

აშშ-ში უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავენ

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ New York Times წერს.

გამოცემის მონაცემებით, დღეს ადმინისტრაციის რვა ყოფილი მაღალჩინოსნის მოხსენება გამოქვეყნდება, რომლის ავტორებიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკრაინას 3 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდოს, მათ შორის ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღება, უპილოტი საფრენი აპარატები და ჯავშანმანქანები. მოხსენების ერთ-ერთი ავტორის, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსნის მიშელ ფურნოის აზრით, რუსული აგრესიის შეკავების საუკეთესო საშუალება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაა, რაც სეპარატისტების შეტევას შეაჩერებდა. შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის ასევე ემხრობა NATO-ს ძალების სარდალი ევროპაში ფილიპ ბრიდლავი.

გამოცემას მოჰყავს ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის კომენტარი იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირების ერთგული რჩება, თუმცა, სხვა საშუალებებსაც განიხილავს, რომელიც მოლაპარაკებებისთვის შესაძლებლობის შექმნას ხელს შეუწყობს.

ამასთან, პრორუსული ძალების მხრიდან შეტევის მცდელობები ქალაქ დებალცევოს ალყაში მოქცევის მიზნით, ჩაიშალა. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქ დებალცევოს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, მას მუდმივად სეპარატისტები ბომბავენ. ბრძოლები გრძელდება ქალაქ უგლეგორსკისთვის, რომლის ნაწილს კვლავ სეპარატისტები აკონტროლებენ.

კომენტარები