პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

მიროტაძე პრეზიდენტის პარლამენტში მისვლაზე: უნდა იყოს აქტიური დებატების ფორმატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დებატების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა გაიგოს რას ფიქრობს პრეზიდენტი. მისივე თქმით, ანგარიშის წარდგენისას მთავრობის დასწრება აუცილებელი არ არის.

"ეს უნდა იყოს ძალიან აქტიური დებატების ფორმატი, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებამ საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდან ზუსტად უნდა გაიგოს, რას ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეეხება იმას, უნდა დაესწროს თუ არა პრეზიდენტის მისვლას პარლამენტში მთავრობა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი. მგონია, რომ ეს მაინც არჩევანის საკითხია", - აღნიშნა ანი მიროტაძემ.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიის მესამე კვირას წარსდგება. იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში, ისე მმართველ გუნდშიც.

კომენტარები