საბერძნეთი

გერმანიის კანცლერი საბერძნეთისთვის საგარეო ვალის ჩამოწერას გამორიცხავს

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საბერძნეთისთვის საგარეო ვალის ჩამოწერა გამორიცხა და აღნიშნა, რომ საბერძნეთმა უკვე მიიღო ამ კუთხით არსებითი დახმარება.

“კერძო კრედიტორებმა ნებაყოფლობით უკვე ჩამოაწერეს საბერძნეთს ვალდებულებები, ბანკებმა კი მის ვალს მილიარდები ჩამოაჭრეს. ევროპა გააგრძელებს საბერძნეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, როგორც სხვა ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებსაც კრიზისი შეეხო, თუ ეს ქვეყნები განაგრძობენ რეფორმების და ხარჯების დაზოგვის ღონისძიებების გატარებას”, - აღნიშნა მერკელმა გაზეთ Hamburger Abendblatt-თან ინტერვიუში.

მერკელის  განცხადება საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის მიერ საერთაშორისო კრედიტორებთან თანამშრომლობაზე უარის თქმას მოჰყვა. იანის ვარუფაკისმა აღნიშნა, რომ საგარეო ვალის დაფარვის პირობებს ახალი მთავრობა პირადად ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი დაიწყებენ მოლაპარაკებებს ვალის გასანახევრებლად.

საბერძნეთის მთავრობამ უკვე დაიწყო იმ რეფორმების შეჩერება, რომელთა გატარება ქვეყანას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 240 მილიარდი ევროს სანაცვლოდ მოთხოვა, რათა მისთვის ფინანსური კრახი აეცილებინა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დასაწყისში, საბერძნეთმა  კერძო კრედიტორებთან გარიგების შედეგად საკუთარი ვალის რესტრუქტურირება მოახდინა. შედეგად საბერძნეთის მთლიანი ვალი დაახლოებით 100 მილიარდი ევროთი შეამცირდა.

მაგრამ, ქვეყანას კვლავ აქვს 315 მილიარდ ევროზე დიდი ვალდებულება, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 175%-ია და ევროკავშირისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

3-4 თებერვალს უკვე ჩანიშნულია საბერძნეთის ახალი პრემიერის, ალექსის ციპრასის ვიზიტი იტალიასა და საფრანგეთში, თუმცა ჯერ არ ყოფილა საუბარი გერმანიაში ვიზიტზე, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკას წარმოადგენს.

კომენტარები