რუსეთ-საქართველო

დანელია: ვფიქრობ, ბერუჩაშვილის ნათქვამი, სავარაუდოდ, არასწორი ინტერპრეტაციაა

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საგარეო უწყების ხელმძღვანელის თამარ ბერუჩაშვილის შესაძლო ნათქვამს ჟურნალისტის არასწორ ინტერპრეტაციას უკავშირებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ბერუჩაშვილმა თქვა, რომ საქართველომაც შეიძლება, შემოიღოს უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და სავიზო შეზღუდვები. ასევე თქვა, რომ რუსეთმა და საქართველომ შეწყვიტეს არაფორმალური დიალოგი სავაჭრო საკითხებზე. დანელიას თქმით, მთავრობა ერთმანეთისგან მიჯნავს პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებს და რუსეთთან დიალოგის შეწყვეტას არ გეგმავს.

"ვფიქრობ, რომ ეს, სავარაუდოდ, იყო არასწორი ინტერპრეტაცია. მჯერა, რომ ეს განცხადება პირდაპირ ასეთი ფორმულირებით არ ყოფილა, ეჭვი მაქვს. ალბათ მინისტრი თვითონ გააკეთებს დამატებით განმარტებას. ჩვენ, როგორც პრემიერმაც არაერთხელ ხაზი გაუსვა, ვმიჯნავთ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. პირიქით, ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ მეტი პროაქტიული შედეგები გვაქვს და ინტენსიურად მიმდინარეობს დიალოგი. დიალოგის შეწყვეტას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ. ვინაიდან ამ პროცესის უკან დგას და სარგებლობს ათიათასობით ადამიანი, გლეხი, ფერმერი, მეწარმე, ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და ჩვენ ამ ურთიერთობას ვერ დავაზიანებთ. შესაბამისად, ეს დიალოგი კვლავინდებურად გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ალბათ არასწორი ინტერპრეტაცია.

დივერსიფიკაცია ბაზრების, ზოგადად, ნებისმიერ თემასთან მიმართებაში, ნებისმიერ ექსპორტის ბაზართან მიმართებაში არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. თქვენ იცით, რომ მზარდია ექსპორტი პოლონეთში, ჩინეთში, იაპონიაში. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება რეგიონში, როგორი დაძაბული მდგომარეობა და საომარი ვითარებებია უკრაინაში, ჩვენ 7%-იანი ზრდა გვაქვს მინიმუმ - ეს ჯერ კიდევ წინასწარი მონაცემებით აგრო-სასურსათო ექსპორტის ნაწილში, რაც სერიოზული მიღწევაა და ზუსტად რომ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით ხდება", - თქვა დანელიამ.

კომენტარები