საარჩევნო სისტემა

გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხები იყო. როგორც აღინიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.

ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია და ცვლილებები შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს.

„შეხვედრისას დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი. ბუნებრივია, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული. ვფიქრობთ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი. საარჩევნო კანონმდებლობა კი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ, ერთი მხრივ, პარლამენტში უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცვლილებები განხორციელდეს საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ისე, რომ არჩევნებამდე საზოგადოებას, საარჩევნო სუბიექტებს და განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციას, ჰქონდეს მომზადების შესაძლებლობა და ცვლილებების იმპლემენტაცია სწორად განხორციელდეს“, - განაცხადა დავით პატარაიამ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები