საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბერუჩაშვილი ბაიდენს შეხვდა: საუბარი იყო კონკრეტულ მხარდაჭერასა და შედეგებზე

აღმოსავლეთ ევროპის საგარეო მინისტრები ვაშინგტონში
facebook.com/mfageorgia

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ საგარეო უწყების პრესისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი იუწყება.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაიკი, ესპანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა პალასიო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვალსტრომი, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე რადეკ სიკორსკი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, 2014 წლამდე ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები.

საგარეო უწყება წერს, რომ ვიცეპრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა "ძალიან საინტერესო" ფორმატში წარიმართა, რომელმაც თავი მოუყარა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

"ლატვიის თავმჯდომარეობის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თავად ეს ფორმატი მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზულ ჩართულობას, ინტერესს და მზაობას, ყურადღებით დააკვირდეს და მიიღოს მონაწილეობა იმ პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც დღეს არის ევროპის კონტინენტზე.

დისკუსიის ძირითადი თემები ეხებოდა უკრაინის კრიზისს, რუსეთთან ურთიერთობას და ასევე საქართველოში არსებულ ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელი დესტრუქციული ქმედებების ფონზე. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაესვა შეერთებული შტატების ჩართულობის გაძლიერებას რეგიონში უსაფრთხოების და განვითარების კუთხით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო უწყება თამარ ბერუჩაშვილის კომენტარსაც ავრცელებს.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთიანი პოზიცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება რუსეთთან ურთიერთობას, იმ ფაქტს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება შესაბამისი შედეგის მიღებამდე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ბერუჩაშვილმა.

ბერუჩაშვილის თქმით, ამერიკის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო ევროპის უსაფრთხოება ენერგეტიკის სფეროში. აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი, რომ ქვეყანას აქვს კარგი გამოცდილება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში პროექტების განხორციელებაში.

"საუბარი შეეხო სამხრეთის კორიდორის პროექტების თემას და ევროკავშირის და შეერთებული შტატების სერიოზულ ინტერესს. გაჟღერდა, რომ აუცილებელია ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გააძლიერონ იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც თავიანთი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ განაცხადეს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება საქართველოზე, როგორც წარმატებულ რეფორმატორ ქვეყანაზე, რომელმაც გარკვეული სირთულეების მიუხედავად ეს არჩევანი ღიად დააფიქსირა", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

უწყებისვე ცნობით, საუბარი შეეხო რიგის სამიტსა და ამ მხრივ არსებულ მოლოდინებს. როგორც შეხვედრაზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ასევე პოლონეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რიგის სამიტზე მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. აღინიშნა, რომ საჭიროა კონსენსუსი ისეთ თემებზე, როგორიცაა ვიზა-ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულების სრულფასოვანი რატიფიკაცია და კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბება, როგორ უნდა დაეხმაროს ევროპა იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები არიან.

"საუბარი იყო კონკრეტულ მხარდაჭერასა და შედეგებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა. შეხვედრაზე გაიჟღერა გზავნილმა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას და აგრძელებენ რეფორმებს, უნდა მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა ამ მიმართულებით გამოხატა თავისი მხარდაჭერა. გაგრძელდება შეხვედრები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში და მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს მხარდაჭერას ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ის მხრიდან", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები