შუღლის გაღვივების კრიმინალიზება

შსს: შუღლის კანონპროექტზე არასამთავრობოთა პოზიცია მოკლებულია არგუმენტაციას

შს სამინისტრო, დღეს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციათა მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო რომ ძალოვანი უწყების მიერ ინიცირებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია. სამინისტროს განცხადებით, არასამთავრობოთა მოსაზრებები მოკლებულია არგუმენტაციას და წარმოადგენს "გარკვეულ ჰიპოთეზას".

"დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენების თაობაზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება. ასევე ითქვა, რომ სახელმწიფო ლოიალურია დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ და ეს საეჭვოს ხდის მისი მხრიდან უმცირესობებზე ზრუნვას. ეს მოსაზრებები ვერ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების „უარყოფის" საფუძველი. აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს გარკვეულ ჰიპოთეზას, რომელიც მოკლებულია სამართლებრივი პოლიტიკისა და სამართლის სფეროსთვის დამახასიათებელ არგუმენტაციას.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კანონმდებლობა, რომელიც შუღლის გაღვივების კრიმინალიზაციას ახდენს, ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ არ მოხდეს შესაბამისი ჯგუფების ძალადობრივი „განცაკლკევება" მთლიანი საზოგადოებისგან და მათი მიზანში ამოღება. საბოლოო ჯამში, ამგვარი ნორმები ემსახურება ინკლუზიური საზოგადოების დაცვას, რაც შესაბამის სეგმენტებს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობს და რაც თანამედროვე დემოკრატიის არსებობისა და განვითარების პარადიგმას ქმნის. ამ თვალსაზრისით, ზედმეტი და მიუღებელია „დომინანტი სოციალური და მორალური დისკურსის გაძლიერებაზე" საუბარი, რისი ბრალდებაც გაისმა წარმოდგენილ მასალაში.

სახელმწიფო სწორედ იმ პრობლემატური სფეროს მოწესრიგებას ისახავს მიზნად, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიანიშნებენ. ნორმის მთავარი არსი არის სწორედ იმ უზენაესი ღირებულების უზრუნველყოფა, რასაც მშვიდობა ეწოდება. პლურალისტურ საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანთა შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას ენიჭება, სადაც არ არსებობს შიში იმისა, რომ რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური და სხვა ნიშნებით ადამიანის კუთვნილების გამო სიტუაციის ესკალაცია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს.

ისეთი სისხლისსამართლებრივი ნორმების დაცვის ობიექტი, როგორიცაა შუღლის გაღვივების ამკრძალავი დანაწესები, არის საჯარო წესრიგი / უსაფრთხოება. ამგვარი მოწოდების კრიმინალიზაციის მთავარი მიზანი არის უშუალოდ საწყის ეტაპზე კლიმატის ჩამოყალიბების პრევენცია, რომლის დროსაც ხდება გარკვეული ადამიანების აგრესიული ფორმით გარიყვა. ამგვარი გარიყვის დროს იქმნება საშიშროება, რომ შესაბამისი პირები შესაძლოა გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

აღნიშნული შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული (სხვა) სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. შესაბამისად, უშუალოდ მოსაზრების არსის, როგორც ასეთის, აკრძალვა კი არ ხდება, არამედ იმის, თუ როგორ ხდება აზრის კომუნიკაცია. აღნიშნულ კონტექსტში, ლეგიტიმური აკრძალვის შემთხვევაში, ხელშესახები უნდა იყოს გადასვლა უკვე (სხვა) სამართლებრივი სიკეთის დარღვევაში და ზღვარის გადაკვეთა სამართლებრივი სიკეთის მოსალოდნელი დარღვევის თვალსაზრისით.

შუღლის გაღვივების (ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა) დანაშაულის ქვეშ ექცევა მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც სახეზეა საგრძნობი აგრესიული, მტრული დამოკიდებულება ან ასეთი დამოკიდებულების გაძლიერება, რომელიც ადამიანის ღირსების საფუძველს ლახავს; როდესაც ადამიანს ექცევიან, როგორც მდაბიო/მდაბალ არსებას და არა როგორც პიროვნებას. მხოლოდ კრიტიკა, არასასურველი მოწოდებები, უგემოვნო, მორალურად გასაკიცხი გამონათქვამები, არ ექცევიან დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტენსივობის მაღალ ხარისხს უნდა მიაღწიოს კონკრეტულმა ქმედებამ.

თუმცა, არის თუ არა კონკრეტული ქმედება ადამიანის ღირსების შემლახავი, განსაკუთრებული მტრული დამოკიდებულების გამოხატულება, განისაზღვრება შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების ყოველმხრივი შეფასებით. ეს უკანასკნელი კი ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვას ეყრდნობა. საბოლოო ჯამში კი მხოლოდ სამართალშემფარდებელს შეუძლია შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული გამონათქვამი კანონით აკრძალულ მოწოდებას.

შემოთავაზებული ნორმა, რომლის შინაარსიც ძალადობის ელემენტს ექსპლიციტურად ითვალისწინებს, არ არის პრობლემატური მოწოდებისა და შედეგის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტების თვალსაზრისით. ამასთანავე, დანაწესი აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობის კრიტერიუმს.

რაც შეეხება არგუმენტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან შემოთავაზებული ნორმის შესაძლო წინააღმდეგობას, ამ არგუმენტის გასამყარებლად მოყვანილია საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება. გამოთქმული არგუმენტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოწოდების კონტექსტში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას რეგლამენტირებული, თუ შესაბამისი შედეგის იმწუთიერი დადგომის საფრთხე წარმოიქმნა.

უშუალოდ მოწოდებისა და მისი შედეგის შესახებ კონკრეტული ამონარიდის მოყვანა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან, არ არის საკმარისი შემოთავაზებული ნორმის საწინააღმდეგოდ არგუმენტის მოსაყვანად. ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი: „დაუშვებელია, რომ კონსტიტუციური უფლება თავად კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფისაკენ იყოს მიმართული და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების საფუძველს ქმნიდეს. გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს."

ეს პასაჟი გამოხატავს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს არსს, კერძოდ კი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის იდეას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის ზოგადი საფუძვლები (როგორც კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი), ასევე მის შესაბამისად დაწესებული კონკრეტული მზღუდავი ნორმები შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებით, გარდა ერთი უფლების სხვისი მსგავსი უფლებით ბოჭვის უნივერსალური პრინციპისა, ეფუძნება ე.წ. „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის" იდეას. შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმა შუღლის გაღვივების კრიმინალიზაციის თაობაზე ემსახურება თავად დემოკრატიის ინსტიტუტის, დემოკრატიული სახელმწიფოს არსის დაცვას.

ამ უაღრესად პრობლემატურ საკითხზე საუბრისას გასათვალისწინებელია საერთაშორისო პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული ნორმის მსგავსი დანაწესები გვხვდება სხვადასხვა დასავლური ქვეყნის სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობაში (მაგ. შვედეთი, სლოვენია, დანია, ისრაელი, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, კანადა).

ამასთანავე, ქართული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობაც ითვალისწინებს მთელ რიგ ნორმებს, რომელიც ზღუდავს გამონათქვამებს, რომელიც მიმართულია დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩადენისკენ და საზოგადოებისთვის გარდაუვალი მძიმე შედეგის დადგომისკენ. აზრის გამოხატვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აზრის გამოთქმა, ყოველგვარი შედეგის დადგომის გარეშე, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სიკეთეების დაცვას. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია სსკ-ის 317-ე მუხლი (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), სსკ-ის 3301 მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისაკენ) და 405-ე მუხლი (მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ)" - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები