შუღლის გაღვივების კრიმინალიზება

მაღრაძე: ე.წ. შუღლის კანონი გამოხატვის თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირში არ არის

info9.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტში მიმდინარე კვირაში განსახილველი კანონების შესახებ ისაუბრა. მაღრაძის თქმით, პარლამენტში შუღლის გაღვივების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციები ინტენსიურად მონაწილეობენ.

"შუღლის შესახებ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობოებთან ჩვენ საკმაოდ ინტენსიური კონსულტანციები გვაქვს და იქ შეიძლება, გარკვეულად შეიცვალოს რამე. მე მიმაჩნია, რომ პრინციპში ასეთი ტიპის კანონი ძალიან ბევრ ქვეყანაშია, სხვათა შორის, ევროსაბჭოზე იყო ძალიან სერიოზული მოსმენები, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია, რომ ამ კანონს პრევენციული მნიშვნელობა უფრო აქვს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მის გამოსვლებს, მის სიტყვიერ მოწოდებას შესაძლოა მოყვეს რაიმე ცუდი შედეგი, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად დაფიქრდება, იმიტომ რომ კანონით უკვე რეგულირებულია, რომ მას ამისთვის პასუხისმგებლობა ექნება. გარდა ამისა, როდესაც მოწოდებებია სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ მოძრაობებში ჩართვისთვის ან სხვა რელიგიურ შუღლში ჩართვისთვის, ასეთ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ჩვენ დღემდე არ გვაქვს", - განაცხადა მაღრაძემ და აღნიშნა, რომ ე.წ. შუღლის გაღვივების შესახებ კანონპროექტი პირდაპირ კავშირში არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან 

"არ გვაქვს კანონი, როდესაც ადამიანი აკეთებს ისეთი ტიპის მოწოდებებს, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ აზრი, სადღაც წავიდნენ და რაიმე რელიგიურ შუღლში ან სხვა ტიპის კონფლიქტებში ჩაერთონ. ამიტომ საჭიროა, რომ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გამოხატვის თავისუფლებასთან ეს კანონი პირდაპირ კავშირში არ არის, იმიტომ რომ ეხება სწორედ იმას, რაც ადამიანებს უშლის ხელს. კანონი შეიძლება პრევენციულად იყოს იმისთვის საჭირო, რომ სწორედაც რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს თავისუფალი და არ იყოს ზიანის მიმყენებელი სხვისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია. აქ არის ისეთი რამის გამოხატვასთან, რომელმაც პოტენციურად შეიძლება ზიანი მიაყენოს საზოგადოებას და სხვას", - თქვა მაღრაძემ.

კომენტარები