კრიზისი უკრაინაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია უკრაინელების პროტესტის ფონზე გაიხსნა

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია უკრაინელების პროტესტის ფონზე გაიხსნა, სტრასბურგში მცხოვრები უკრაინელები ევროსაბჭოს შენობასთან არიან შეკრებილები და რუსეთის ქმედებებსა და მისი მხრიდან უკრაინის ანექსიას აპროტესტებენ. ისინი რუსეთისათვის სანქციების გაგრძელებას მოითხოვენ. ცნობისთვის, 2014 წლის აპრილში ყირიმის ანექსიის გამო ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები დაუწესა და ევროსაბჭოში ხმის უფლება შეუჩერა. სანქციებს ვადა 2014 წლის ბოლომდე ჰქონდა. სწორედ სანქციების გაგრძელების საკითხი უნდა განიხილოს დღეს ევროსაბჭომ. რუსეთისათვის სანქციების გაგრძელებას მოითხოვს ქართული დელეგაციაც.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ევროსაბჭომ "გონივრული გადაწყვეტილება" უნდა მიიღოს და სანქციები გააუქმოს.

"სანქციები დისკრიმინაციული მექანიზმია, მათ იღებენ ისინი, ვისაც ეშინიათ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს უნდა ეშინოდეს რუსეთის. ევროკავშირის პოლიტიკა არის ვაშინგტონის მიერ გარედან ნაკარნახევი, ევროპაში ასობით ადამიანი უკვე ეჭვობს ამას და ესმით, რომ სანქციები ჩიხია. პარლამენტის წინააღმდეგ სანქციების ნაცვლად უნდა ხდებოდეს საპარლამენტო დიპლომატიის რეჟიმში მუშაობა. ვფიქრობ, სანქციებს გააუქმებენ, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ვიმოქმედებთ შესაბამისად, ეკონომიკური სანქციები კი, რუსულ ეკონომიკას არ აზარალებს", - აცხადებს რუსეთის სათათბიროს დსთ-ის და თანამემამულეებთან კავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი.

ხვალინდელი დღე ევროსაბჭოში მთლიანად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობას და იქ არსებული ვითარების შეფასებას დაეთმობა. ევროსაბჭოს დეპუტატები ამ საკითხზე დებატებს გამართავენ.

კომენტარები