კრიზისი უკრაინაში

საგარეო უწყება მარიუპოლის დაბომბვისა და მსხვერპლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

kvira.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დაბომბვისა და მსხვერპლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. უწყების მოსაზრებით, სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს დღეს, 24 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 102. ამის შესახებ ქალაქის მერია იუწყება. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაციც. მარიუპოლი უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ქალაქია.

კომენტარები