იური ვაზაგაშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: სუბარის ნათქვამი ძალიან ჰგავდა იმას, რაც გვესმის მოსკოვიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მინისტრ სოზარ სუბარის ნათქვამს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ძალიან ჰგავს ნაციონალური მოძრაობის ხელწერას, უპასუხისმგებლოს უწოდებს. მისივე თქმით, "სუბარის ფრაზეოლოგია ძალიან ჰგავდა იმას, რაც მუდმივად ისმის მოსკოვიდან."

"ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის მთავრობის კაბინეტის წევრის მიერ ძნელი წარმოსადგენია და ბუნებრივია, ფრაზეოლოგია ძალიან ჰგავდა იმას, რაც ჩვენ მუდმივად გვესმის მოსკოვიდან. ამიტომ ამაზე დროის დაკარგვაც არ ღირს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ყველაზე მეტად საზოგადოებას რაც სჭირდება, ამ დაძაბულ - როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის შიდა მდგომარეობაში, როცა სახეზეა მწვავე ეკონომიკური კრიზისი და ადამიანების საფიქრალი ხვალინდელი ლუკმა-პურია, ასეთ პირობებში ხელი რომ შეუწყო კონფრონტაციას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, მე ნამდვილად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ამიტომ, ჩვენ ვერსიებზე არ ვსპეკულირებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ მან დაიცვას კანონი და კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები