კრიზისი უკრაინაში

პრორუსი სეპარატისტები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ

"რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კიევთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობენ და შეტევაზე გადასვლას გეგმავენ", - ამის შესახებ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, მებრძოლები დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის უკრაინული ძალებისგან გათავისუფლებას აპირებენ. ზახარჩენკოს თქმით, პირველ რიგში იგი სლავიანსკის და მარიუპოლის გათავისუფლებას გეგმავს.

ის, რომ მოსალოდნელია სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და ახალი შეტევა პრორუსული და რუსული რეგულარული ძალების მხრიდან, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი და სეპარატისტული დაჯგუფებები მინსკის შეთანხმებას არღვევენ - დიდი ძალების კონცენტრაცია მოახდინეს და აქტიურ შეტევით ოპერაციებს იწყებენ. ქვეყნის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა კი, რეგიონების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საომარი სიტუაციისთვის ეკონომიკის მომზადების გეგმა შეიმუშაონ.

"არ არის გამორიცხული, დონეცკის აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობაში რამდენიმე უკრაინელი სამხედრო კვლავ რჩებოდეს", - ეს ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ამის გადამოწმება და სამხედროების გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგანაც ტერორისტები კვლავ აგრძელებენ შენობის დაბომბვას სხვადასხვა საარტილერიო საშუალებებიდან. მისივე ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში პრორუსმა ბოევიკებმა უკრაინული პოზიციები 115-ჯერ დაბომბეს.

უკრაინის თავდაცვის უწყებამ და სპეციალურმა ანტიკრიზისულმა ჯგუფმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერების გეგმა შეიმუშავეს. ძალოვან უწყებებთან შეხვედრაზე პოროშენკომ ძალოვანი უწყებების გადაჯგუფების გადაწყვეტილება მიიღო და მკაცრად დაემუქრა მათ, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.

აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარებისა და გუშინ ბოევიკების მხრიდან სამგზავრო ტროლეიბუსის აფეთქების ფაქტზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ თავისი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასროლა ჩრდილო-დასავლეთიდან განხორციელდა. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა კი ტროლეიბუსის აფეთქება ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად შეაფასა.

დონეცკში ტროლეიბუსის ფაქტის გამოძიებას ითხოვს შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯეინ ფსაკის განცხადებით, რუსეთი არღვევს მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას, რამდენადაც უკრაინის რეგიონებში მძიმე ტექნიკა და არტილერია გადაადგილდება.

ვითარების ესკალაციის გამო NATO-მ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დამატებითი სამხედრო ტექნიკა განთავსდება პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

 

კომენტარები