კრიზისი უკრაინაში

დონეცკის აეროპორტიდან რვა უკრაინელი სამხედროს გამოყვანა ვერ ხერხდება

Reuters

დონეცკის აეროპორტის ახალ შენობაში 8 უკრაინელი სამხედრო კვლავ რჩება. ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერის ინფორმაციით, მათი გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგანაც ტერორისტები კვლავ აგრძელებენ შენობის დაბომბვას სხვადასხვა საარტილერიო საშუალებიდან. მისივე ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში პრორუსმა ბოევიკებმა 115-ჯერ დაბომბეს ე.წ. კიბორგების პოზიციები.

უკრაინის თავდაცვის უწყებამ და სპეციალურმა ანტიკრიზისულმა ჯგუფმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერების გეგმა შეიმუშავეს. ძალოვან უწყებებთან შეხვედრაზე პოროშენკომ ძალოვანი უწყებების გადაჯგუფების გადაწყვეტილება მიიღო და მკაცრად დაემუქრა მათ, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.

აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარებისა და გუშინ ბოევიკების მხრიდან სამგზავრო ტროლეიბუსის აფეთქების ფაქტზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ თავისი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასროლა ჩრდილო-დასავლეთიდან განხორციელდა. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა კი, ტროლეიბუსის აფეთქება ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად შეაფასა.

დონეცკში ტროლეიბუსის ფაქტის გამოძიებას ითხოვს შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯეინ ფსაკის განცხადებით, რუსეთი არღვევს მინსკში გაფორმებულ  შეთანხმებას, რამდენადაც უკრაინის რეგიონებში მძიმე ტექნიკა და არტილერია გადაადგილდება.

"ვხედავთ, რომ სეპარატისტების მხრიდან გაიზარდა ძალადობა, განახლდა შეტაკებები, სეპარატისტები უფრო მეტ ტერიტორიებს აკონტროლებენ. რუსეთი აგრძელებს ტანკების, შეიარაღებული ტექნიკის, საარტილერიო დანაყოფების და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის განთავსებას რუსეთ-უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტექნიკა პრორუს სეპარატისტებს გადაეცემა", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ვითარების ესკალაციის გამო NATO-მ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დამატებითი სამხედრო ტექნიკა განთავსდება პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

კომენტარები