ლარის კურსის ვარდნა

ჯაფარიძე: ლარის გაუფასურება მთავრობის უგუნური პოლიტიკის ბრალია

tabula.ge

ლარის კურსის გაუფასურების მორიგ ტალღას დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მთავრობის არასწორი პოლიტიკით ხსნის. დეპუტატის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მთავრობას აფრთხილებდა, დეფიციტური ხარჯვისგან თავი შეეკავებინა, თუმცა მმართველმა გუნდმა ეს არ გაითვალისწინა. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ბიუჯეტი "ფურცელზე", ლარის გაუფასურების ხარჯზე შეასრულა. ამ დროისთვის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ყიდვა 1 ლარად და 95 თეთრად არის შესაძლებელი. 

"ეს ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილზე. განსაკუთრებით იმ ხალხზე, ვინც სახელმწიფოს მხრიდან იღებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ყოველთვიურად, მათ შორის, ცხადია, პენსიონერებზეც. აისახება იმ თვალსაზრისით, რომ იმ თანხის მსყიდველუნარიანობა შემცირდება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ პენსიის თუ სხვა დახმარების სახით. ამ შემთხვევაში ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის მთავრობის უგუნური პოლიტიკა. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ არ გაეკეთებინათ დეფიციტური ხარჯვა, დეკემბრის თვის მონაცემებს თუ ნახავთ, მათ გააგრძელეს დეფიციტური ხარჯვა იმ მოტივით, რომ როგორმე ფურცელზე შეესრულებინათ სახელმწიფო ბიუჯეტი. ამან კი, გამოიწვია ლარის გაუფასურება. თუ ვნახავთ ფულის მასის მოცულობას, გაზრდილია დაახლოებით 450 მლნ ლარით. ამ ეტაპზე, ლარის გაუფასურების მიზეზი არის სწორედ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. თუმცა, ცხადია, ის, რომ პრობლემებია ეკონომიკაში, ყველასთვის ნათელია", - განაცხადა ჯაფარიძემ და მოუწოდა ხელისუფლებას, "შეეშვას ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გათვლილია მხოლოდ PR-ზე და იმაზე, რომ ეყვირათ ტელევიზორში ბიუჯეტის შესრულებაზე". დეპუტატმა ასევე მოუწოდა მთავრობას, "მიხედონ საქართველოს ეკონომიკას, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს და არ ჰქონდეს ის პრობლემები, რომლებიც მეორე წელია ზედიზედ მეორდება, არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღდეს და დაიწყოს ისევ ზრდა".

კომენტარები