იური ვაზაგაშვილის საქმე

საია ვაზაგაშვილის საქმეზე: გაჭიანურებული სამართალი წართმეული სამართალია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ფაქტის სწრაფ, ყოველმხრივ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს. საია ხელისუფლებისგან ასევე ითხოვს, უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 2012 წელს განახლებული გამოძიების ეფექტურობა, დამნაშავეთა დროულად გამოვლენა და გასამართლება.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ვაზაგაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძვლით  ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საქმე #50375/07). იური ვაზაგაშვილის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით 2012 წლამდე სახელმწიფოს არ ჩაუტარებია საქმის  ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, 2007 წლის აპრილში პროკურატურამ აღნიშნული საქმე საერთოდ შეწყვიტა; რაც შეეეხება 2012 წელს იური ვაზაგაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ამ საქმეზე განახლებულ გამოძიებას, იგი ამ დრომდე არ არის დასრულებული და დღემდე არ დამდგარა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

საია მიიჩნევს, რომ გაჭიანურებული სამართალი, წართმეული სამართალია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს და 2015 წლის 20 იანვარს მომხდარი ფაქტების სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება, ასევე უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან  სიცოცხლის ხელყოფის დღემდე ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოუძიებელ ფაქტებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების სწრაფი და ობიექტური განხორციელება", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
 
იური ვაზაგაშვილი გუშინ, შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები