კრიზისი უკრაინაში

დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

Reuters

კვლავ დაძაბული ვითარებაა დონეცკში. ამ დროისთვის აეროპორტის მიდამოებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. უკრაინული ქვედანაყოფები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ობიექტებს ბომბავენ.

უკრაინის პრემიერმა ქვეყნის დაზვერვის სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრიდან სეპარატისტების იარაღითა და სამხედრო ძალით მომარაგება კვლავაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში ამბობენ, რომ ერთ-ერთ დასახლებასთან რუსეთიდან შეყვანილი დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა დგას.

პრეზიდენტმა პოროშენკომ გამოსცა ბრძანება ეტაპობრივი მობილიზაციის შესახებ, რომელსაც უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა. მობილიზაცია დღეს დაიწყო და ის სამ ეტაპად განხორციელდება.

 "მუდმივად ვაწვდით ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციისა და ტერორისტების ქმედებების შესახებ და ვთხოვთ მათ - მეტი სამხედრო დახმარება გაგვიწიონ. საყოველთაო მობილიზაციის ფარგლებში რეზერვის 3000-ზე მეტი ოფიცერი გავიწვიეთ. საკმარისი ცოცხალი ძალა გვყავს, რათა ჩვენი ქვეყანა დავიცვათ", - აცხადებს უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელი ვლადისლავ სელეზნიოვი.

კომენტარები