მინისტერიალი ბრიუსელში

საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე უარს ამბობენ

Reuters

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე უარს ამბობენ. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერტ კონდერსის თქმით, "მაშინ როცა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკის აეროპორტის გარშემო ბრძოლა არ წყდება, სანქციების შემსუბუქებაზე საუბრის დრო არ არის."

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსი კი მიიჩნევს, რომ "რუსეთს არ უჩვენებია არანაირი პოლიტიკური სურვილი ან ნაბიჯი ვითარების შემსუბუქების, შესაბამისად, პოლიტიკის შეცვლის მიზეზი არ არსებობს."

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ის ამბობდა, რომ "რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების უმეტესი ნაწილი უნდა გაუქმდეს და ევროკავშირმა რუსეთთან თანამშრომლობა სრული მოცულობით უნდა აღადგინოს, თუ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას შეწყვეტს". მოგერინის წინადადებით, ასეთ შემთხვევაში ძალაში მხოლოდ ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციები უნდა დარჩენილიყო.

დონეცკის აეროპორტის გარშემო კი აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, უკრაინული არმია სეპარატისტების მიერ დაკავებული ობიექტების გათავისუფლებას განაგრძობს. ღამით აეროპორტის ტერმინალიდან დაჭრილების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი მებრძოლები აეროპორტში პოზიციებს ინარჩუნებენ.

კომენტარები