დავოსის ეკონომიკური ფორუმი

პრემიერმინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად ხვალ, 20 იანვარს გაემგზავრება.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან: ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

"ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს. პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე. ასევე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება. უკვე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ Die Welt-თან, ასევე, პირდაპირი ჩართვა ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები