დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებთან არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე სტრატეგიული კონკურენციის ახალ გლობალურ კონტექსტზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებსა და წლებში მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა; აგრესიული სეპარატიზმის, სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ახალი ტალღები, ასევე ტერორიზმის მზარდი საშიშროება და სხვა გლობალური მნიშვნელობის პრობლემები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებათა ძირეულ პრინციპებს.

"საქართველოში ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიის გაძლიერება არის ჩვენი საზოგადოების სტრატეგიული პრიორიტეტი და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში განვამტკიცოთ ძირითადი თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ცენტრში, იქნება ეს სახელმწიფოთაშორისი თუ შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობები. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მხოლოდ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებიც თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ერთიანდებიან ალიანსებში და კავშირებში, შეუძლიათ ისეთ თანამშრომლობაში მონაწილეობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებებს", - ავრცელებს პრემიერმინისტრის ნათქვამს მთავრობის ადმინისტრაცია.

"მსოფლიო ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრას" სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, ეუთო-ს გენერალური მდივანი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები