კრიმინალი

წყაროს ცნობით, პოლიციელმა აღლემაშვილის მკვლელობა აღიარა, შსს არ ადასტურებს

Getty Images

ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის ოჯახის ახლობელმა ტაბულას ინფორმაცია მოაწოდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. წყაროს ინფორმაციით, ამ ადამიანმა დანაშაული უკვე აღიარა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმე ჯერ გახსნილი არაა და გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციაში უკვე დაკითხეს მოკლულის მამა ზურაბ აღლემაშვილი. მისი თქმით, მსგავსი თავდასხმა მის შვილზე რამდენიმე თვის წინაც მოხდა.

"მანამდეც იყო, 4 თუ 5 თვის წინ მოხდა ეგეთი რაღაც, სასიკვდილოდ გაიმეტეს. შესასვლელში დახვდნენ და ისე გაიმეტეს.. ორი კვირა გონზე არ იყო. ძლივს მოვიყვანეთ გონზე და იგივე გაიმეორეს ახლა. ესე კლავენ ხალხს, აბა რა უნდა ვთქვა. წინა შემთხვევაზე აქ ვიყავით, გამოძიება დაიწყო, დაგიბარებთო - გვითხრეს, მაგრამ არ დაგვიბარეს, ჯერ გვითხრეს, გონებაზე მოვიდესო, მერე არც იყო ისეთი რეაქცია. ჩვენც რომ აღარ დაგვიბარეს, შევეშვით. ე.ი. არაფრის გამკეთებლები არ არიანო, ვიფიქრეთ. აბა რა უნდა იფიქრო მეტი. წინა შემთხვევაშიც მე თვითონ მოვედი, არავის არ მოვუყვანივარ, ახლაც მე თვითონ მოვედი დაკითხვაზე. დაიჭირესო, ამბობენ და დაიჭირეს თუ რა ქნეს არ ვიცი მე. ახლა გინდ დაუჭერიათ და გინდ არა, მოკლეს კაცი", - ამბობს ზურაბ აღლემაშვილი.

როგორც ტაბულას კორესპონდენტს გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, კობა აღლემაშვილი მეზობლებმა სადარბაზოში იპოვეს, მას თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული. გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის შვილი დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით დაიწყო.

კომენტარები