მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბადაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სააკაშვილი წითელი ცირკულარით მოძებნონ

news.ge

კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ყოფილი პრეზიდენტისთვის წარდგენილ ბრალდებებზეც საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ბრალი 4 საქმეზე წარუდგინა - საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, გირგვლიანის საქმე,  ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი  ქონების ხელში ჩაგდება და ვალერი გელაშვილის ცემა. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გრიფით ,,საიდუმლო" განკარგულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებასაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო" კანონიერად ვერ მოახერხებდა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების მგზავრობა, სასტუმროებში ცხოვრება, ვიპ-მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები. ამ გზით სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8.837.461,34 ლარი. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საშუალება მიეცა, მიკერძოებულად და არასრულყოფილად გამოეკვლია გირგვლიანის მკვლელობის გარემოებები, დაეფარა დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები. დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, რომელსაც პირადი შურისძიება ამოძრავებდა, ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოყენებით, თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც დეპუტატმა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.რაც შეეხება პატარკაციშვილის საქმეს, როგორც დადგინდა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, ხელისუფლების ყველა შტოს შეთანხმებული და ერთიანი მოქმედებით, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი და მასთან დაახლოებული პირები საინფორმაციო გადაცემების გაკონტროლების მიზნით უკანონოდ დაეუფლნენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად ღირებულ ტელეკომპანია "იმედს", ასევე, პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებულ მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების სხვა აქტივებს." ,- ამბობს მთავარი პროკურორი.

გიორგი ბადაშვილის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს რათა მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ძებნა გამოაცხადოს. 

" საქართველოს პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ყველა ზემოხსენებული საქმე უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში განსახილველად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს. ", - ამბობს ბადაშვილი. 

კომენტარები