სინოდის სხდომა

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს ეკლესიის კრებამ

news.ge

საქართველოს საპატრიარქოს შენობაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. ტაბულას კითხვებს, რა საკითხების განხილვას აპირებს წმინდა სინოდი, იგეგმება თუ არა ეპარქიათა კვლავ გაყოფა და რა ბედი ეწევა კახისა და ქურმუხის ეპისკოპოსად გამორჩეულ არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც არ უკურთხებიათ, მღვდელმთავრებმა სხდომაზე შესვლისას არ უპასუხეს.

არქიმანდრიტ დემეტრეს კურთხევა გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა. წინა სინოდის სხდომაზე, მასთან ერთად გამორჩეული ყველა მღვდელმთავარი უკვე აკურთხეს.

რა გადაწყვეტილებები მიიღო წმინდა სინოდმა, ამის შესახებ ქორეპისკოპოსი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს, მანამდე კი წილკნისადადუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ სხდომიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილის კურთხევის საკითხის განხილვა გადაიდო, ხოლო სინოდმა სხვა საკითხებთან ერთად, ეკუმენურ მოძრაობასთან დაკავშირებითაც იმსჯელა. 

საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციები, სადაც სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებისა და რელიგიური ჯგუფების დიალოგი მიმდინარეობს, საპატრიარქომ 1997 წელს დატოვა.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას, იგივე წმიდა სინოდს ეკუთვნის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები არიან საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსები.

კომენტარები