EUMM

საქართველოს საგარეო უწყება EUMM-ის მანდატის გაგრძელებას მიესალმება

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას მიესალმება. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სამინისტრო მზად არის მისიასთან და მის ხელმძღვანელთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

"საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, მისია წარმოადგენს ვითარების შესაძლო ესკალაციის აღკვეთის ინსტრუმენტს და ამრიგად არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარი გარანტორი.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედევად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავაც არ ეძლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მანდატის შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდა.

კომენტარები