EUMM

საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელის მოვალეობას რაიან გრისტი შეასრულებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას რაიან გრისტი შეასრულებს. როგორც ნეტგაზეთს მისიაში განუცხადეს, ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტოივო კლაარი თანამდებობას ტოვებს. ამის გამო, სანამ ევროკავშირი შესაბამის კანდიდატურას აარჩევს, ხელმძღვანელის პოსტს მისი მოადგილე დაიკავებს.

ბრიტანელი რაიან გრისტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე თებერვალში დაინიშნა, რაც საქართველოში ბევრმა პრობლემად ჩათვალა, თუმცა სხვა მოსაზრება ჰქონდათ მმართველი გუნდის წევრებს.

2008 წლის აგვისტოში რაიან გრისტი ქართულ მხარეს  საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში საჯაროდ ადანაშაულებდა. იგი 2008 წლამდე საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

"ჩემთვის ნათელი იყო, რომ ეს შეტევა სრულად მოუწესრიგებლად და არაპროპორციულად განხორციელდა თუნდაც პროვოკაციის საპასუხოდ, თუ ასეთი მართლაც იყო. ჩემთვის ნათელია, ეს მოუწესრიგებელი შეტევა ქალაქზე, როგორც ასეთზე, განხორციელდა" - აცხადებდა გრისტი 2008 წლის ომზე. ის ასევე ამბობდა, რომ 7 აგვისტოს ოსურ და რუსულ ფორმირებებს ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ, რასაც, თითქოს, ცხინვალში მყოფი ეუთო-ს დამკვირვებლებიც ადასტურებდნენ. მისი კომენტარების უარყოფა, ეუთო-ს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას მოუწია.

მოგვიანებით გრისტმა განმარტა, რომ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და არ უთქვამს, რომ ოსური მხრიდან ომის დაწყებამდე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მისი თქმით, ქართული შეტევა არაპროპორციული იყო და ამას აუცილებლად რუსეთის პასუხი მოჰყვებოდა.

თავად გრისტის ცნობით, 2008 წლის 11 აგვისტოს მას მისიის ხელმძღვანელ ტერი ჰაკალასთან მწვავე კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც თვითნებურად ცხინვალში, ეუთო-ს დაუჯავშნავი მანქანით გაემგზავრა. ცხინვალში ის უფლებადამცველ ლირა ცხოვრებოვას შეხვდა, რომელსაც გრისტი თავის მეგობარს უწოდებს. ცხოვრებოვას რუსულ და ოსურ სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.

ფაქტს დღეს  ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. გიორგი კანდელაკის შეფასებით, ის, რომ რაიან გრისტი თუნდაც მცირე ხნით შეასრულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს, ქვეყნისთვის საზიანო იქნება და ეს საქართველოს ხელისუფლების უნიათობის ბრალია.

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა დღეს გამართა. ახალი ხელმძღვანელის საქართველოში ჩამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ევროკავშირს ამ პოსტზე კანდიდატურა ჯერ არ შეურჩევია.

კომენტარები