საყდრისი

არქეოლოგი: საყდრისიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება ჯერ კიდევ შეიძლება

ტაბულა

ეროვნული მუზემის მეცნიერ-თანამშრომლის, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის თქმით, 13 დეკემბერს RMG-ის მიერ განახლებული სამუშაოების მიუხედავად, საყდრისი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. როგორც ნარიმანიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა, "თუ შეწყვეტს კომპანია სამუშაოებს და მოგვცემს არქეოლოგებს საშუალებას, გეოლოგებთან ერთად შევაფასოთ ეს ძეგლი და მისი დაზიანების ხარისხი, ჩვენ გარკვეული საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება შეგვიძლია". მანვე აღნიშნა, რომ ძეგლი უნდა დაკონსერვდეს, რათა მომავალმა თაობებმა უკეთესი ტექნოლოგიების და მეცნიერული პროგრესის მეშვეობით, მეტი ინფორმაციის ამოღება შეძლონ.

"საყდრისში უნდა შეწყდეს მუშაობა, მიანიჭონ მას კვლავ ძეგლის სტატუსი. ან ახლავე მოგვცენ უფლება არქეოლოგებს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ამოვიღოთ, ან დაკონსერვდეს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ინფორმაციის ამოღება" - განაცხადა ნარიმინაშვილმა და აღნიშნა, რომ "ჩვენ დავკარგეთ ძალიან მნიშველოვანი არქეოლოგიური ობიექტი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული".

გოდერძი ნარიმანიშვილი იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, თითქოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ მხარი დაუჭირა ეროვნულ სააგენტოს და განაცხადა, რომ საყდრისში სამუშაოები დასრულებულია და აღარაფერია გასაკეთებელი.

"არაერთი განცხადება გააკეთა ეროვნულმა მუზეუმმა, სადაც ცალსახად იყო აღნიშნული, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და იქ მხოლოდ 1/4-ზეა სამუშაოები ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი მეოთხედი ჯერ კიდევ გასათხრელი იყო" - თქვა ნარიმანიშვილმა და განმარტა, რომ არქეოლოგიური ძეგლის სრულად შესწავლა არ არის რეკომენდებული.

"მომავალ თაობას ძეგლის ნაწილი, ნახევარი ან მეოთხედი მაინც უნდა დაუტოვო, რათა მეცნიერული პროგრესის პირობებში მეტი ინფორმაციის ამოღება შეძლოს" - დასძინა არქეოლოგმა.

მისივე შეფასებით, საყდრისმა ბევრი კითხვა წარმოშვა. მათ შორის ის, "რა მოხდა 2013-2014 წლებში ისეთი, რომ საშიში გახდა საყდრისში ადამიანების შესვლა, ვისმა მოქმედებამ გამოიწვია ეს - არქეოლოგების თუ სხვა ვინმესი?" მან სახელმწიფო ორგანოებს და შესაბამის სტრუქტურებს დაინტერესებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები