ტერორიზმი

სიდნეის კაფეში შეიარაღებულმა ტერორისტმა მძევლები აიყვანა

ROB GRIFFITH / AP

სულ მცირე ერთმა შეიარაღებულმა პირმა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კაფეში მძევლები აიყვანა. ტერორისტის მძევლობაში 30-ამდე ადამიანი მოხვდა. კაფეს ალყა სპეცრაზმელებმა შემოარტყეს. მოგვიანებით, კაფეს დატოვება ხუთმა მძევალმა შეძლო.

ტერორისტმა რამდენიმე მძევალი აწეული ხელებით ფანჯრებთან დააყენა, სადაც დროშა გამოფინა წარწერით - არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი.

ალყა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. პოლიცია აცხადებს, რომ ტერორისტთან კონტაქტი დაამყარა, თუმცა ხელისუფლება არაფერს ამბობს დანაშაულის მოტივებისა და ტერორისტის მოთხოვნების შესახებ. ავსტრალიის პრემიერმა მომხდარს საგანგაშო ფაქტი უწოდა.

"ჯერჯერობით არაფერი ვიცით დამნაშავის მოტივაციის შესახებ. არ ვიცით, არის თუ არა ეს მოტივი პოლიტიკური, თუმცა, ამის ნიშნები არსებობს. ეს ძალიან საგანგაშო შემთხვევაა. მე მესმის ასეთ დროს ავსტრალიელი ხალხის შეშფოთება და წუხილი, მაგრამ ახლა პირველ რიგში იმ ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც იქ იმყოფებიან", - განაცხადა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ტონი ებოტმა.

კომენტარები