კიბერშეტევა

ჩრდილოეთ კორეა Sony-ზე ჰაკერულ თავდასხმას უარყოფს

KCNA VIA REUTERS

Sony Pictures-ზე გასული კვირის მანძილზე ფართომასშტაბიანი ჰაკერული შეტევა განხორციელდა. შეტევამ Sony-ის სტუდიას და Sony Playstation-ის მონაცემთა ბაზებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ჰაკერებმა კომპანიაში დასაქმებული 47, 424 თანამშრომლის, მათ შორის, კონტრაქტორი მსახიობების კონფიდენციალური ინფორმაცია, ანაზღაურება და მათი სოციალური უსაფრთხოების ნომრები გაასაჯაროვეს.

კიბერშეტევის უკან, CNN-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურები დგანან. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს KCNA-ს ცნობით კი, კორეას ჰაკერულ შეტევასთან კავშირი არ აქვს. 

CNN-ის ცნობით, აღნიშნული შეტევა შესაძლოა სტუდიის ახალ ფილმს "ინტერვიუს" უკავშირდებოდეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის მცდელობას ეხება. ფილმის პრემიერა 25 დეკემბერს უნდა შედგეს. 

Sony შეტევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. თავდასხმას ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს. 

კიბერშეტევის დროს პარალიზებული იყო Sony-ის მონაცემთა ბაზები, მათ შორის ფინანსური ანგარიშები და სტუდიის კუთვნილი ფილმების არქივი, საიდანაც ჰაკერებმა რამდენიმე ახალი ფილმი უკანონო გზით გაასაჯაროვეს. 

Sony-ზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა 2011 წელსაც განხორციელდა. 

Sony-მ სექტემბერში $2-მილიარდიანი წაგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

 

კომენტარები