საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

კერესელიძე: პრემიერის უკრაინაში ვიზიტისთვის მზადება გრძელდება

ტაბულა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით მზადება არ შენელებულა და ისევ მიმდინარეობს. ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კერესელიძეს კითხეს,  უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის გამო, ხომ არ შევიდა რაიმე ცვლილება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტში.

"უკრაინაში ახლა ჩამოყალიბდა მთავრობა და იმ მთავრობასაც უნდა მივცეთ საშუალება, მუშაობას შეუდგეს. ჩვენი მხრივ, დაგიდასტურებთ იმას, რომ პრემიერის ვიზიტის მოსამზადებლად მუშაობა გრძელდება", - განაცხადა კერესელიძემ და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ უფრო ინტენსიური გახდება სამუშაოები, რომ ეს ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგეს. 

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება უკრაინაში საგანგებო დავალებათა ელჩის შეცვლა, დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ უკლება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია და აგრძელებს მოვალეობის შესრულებას. ის უდგას სათავეში სწორედ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. 

"ჩვენთვის არაფერია ცნობილი რაიმე საკადრო ცვლილებაზე რომ იყოს საუბარი", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ტაბულას კითხვას, ხომ არ გაუარესდება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნასთან დაკავშირებით, კერესელიძე ამბობს, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანს არ მიაყენებს.

"რა თქმა უნდა, იმ ადამიანის დანიშვნა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ძალიან ცუდი იქნებოდა. რაც შეეხება დანარჩენებებს, ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე, რომელსაც უკრაინა საქართველოს ან უცხოეთის სხვა მოქალაქეებს შესთავაზებს, ეს არის მათი სუვერენული უფლება და ამაზე ქართული მხარე ვერაფერს იტყვის. პირიქით, ვუსურვებ წარმატებას ყველას, დაეხმაროს ამ ქვეყანას იმ დიდ გამოწვევებში, რომლის წინაშეც ის დგას. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას ყველა იმ გამოწვევაში და რეფორმაში, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება",- განაცხადა კერესელიძემ და აღნიშნა, რომ უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.

"ჩვენ საერთო გამოწვევები და მისწრაფებები გვაქვს, საერთო იდეები. ერთად მივისწრაფით ევროპისკენ და არანაირმა საკადრო გადაწყვეტილებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მაღალ დონეზე მდგარ ურთიერთობებს" - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

კომენტარები